საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

გიორგი მარგველაშვილს დღეს საქართველოში უკრაინის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იგორ დოლგოვმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა. ახლადდანიშნულმა ელჩმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინის პრეზიდენტის,  პეტრო პოროშენკოს პირადი მოკითხვა გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობისა და ერთობლივად განხორციელებული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო განიხილეს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემა.
იგორ დოლგოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განმტკიცების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები