დეკანოზ გიორგი მამალაძეს კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნებენ

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაფიძის სახელობის კლინიკიდან სასჯელაღსრულების სამინისტროს მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანენ. ამის შესახებ „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
რამდენიმე წუთის წინ, ჩაფიძის კლინიკის შენობასთან სასჯელაღსრულების სამინისტროს ავტომანქანა მივიდა. რაც იმას ცხადყოფს, რომ ბრალდებულის საპატიმროში გადაყვანა დღესვე მოხდება. დეკანოზის ექიმის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას იძლევა, რომ მან სტაციონარი დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის სახელობის კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
დღეს, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში მიეყვანათ, რადგან ბრალდებული პატრიარქთან და წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზს სურს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს იმ ჩვენების შესახებ ესაუბროს, რომლის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს.
ადვოკატის განმარტებით, დეკანოზის სურვილია, რომ სასულიერო პირებს ჩვენების მიცემამდე შეხვდეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოდან საპატრიარქოში გადაყვანა არ იგეგმება. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იგეგმება ბრალდებულის საპატრიარქოში გადაყვანა და მისი სასულიერო პირებთან შეხვედრა, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები