მერაბ ქვარაია ე.წ ციანიდის საქმეზე: დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვაზე მივიღებთ პასუხს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია ე.წ ციანიდის საქმეზე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნულს მტკივნეული უწოდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვარაიამ პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებით ყველაფერი ნათქვამია.
ერთი მხრივ, მართლაც ძალიან მტკივნეულია ის შემთხვევა, რომელიც ყველა ჩვენგანს, გარკვეულწილად, შეგვეხო, მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, იმიტომ, რომ საქმე ეხება ერთი მხრივ, მძიმე დანაშაულს, მეორე მხრივ, საპატრიარქოს, დედა-ეკლესიას. დედა-ეკლესია არ გახლავთ რომელიმე უწყება ან დაწესებულება, ის არის მართლაც განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მქონე ერთობა ჩვენს ქვეყანაში და ამიტომაც, ალბათ, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ, როდესაც განცხადებებს ვაკეთებთ საპატრიარქოსთან დაკავშირებით.
მე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო გუშინდელ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა საქართველოს საპატრიარქოში. საქართველოს საპატრიარქოში შედგა საქართველოს პატრიარქისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. ამ შეხვედრას ესწრებოდა ბევრი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი, სინოდის წევრები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. შეხვედრის თემა, ბუნებრივია, იყო მომხდარი და ინფორმაცია ამ ამბის ირგვლივ. მე პირდაპირ მინდა, ციტირება გავაკეთო საპატრიარქოს განცხადების, რომელიც მამა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამ განცხადებით, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათქვამია და არც არის მიზანშეწონილი დღეს ამ განცხადების შემდეგ თემის გაგრძელება. ერთადერთი, ალბათ, ყველაზე უპრიანი იქნება, მივადევნოთ თვალი გამოძიების პროცესს, რომელიც უნდა ჩატარდეს ყოველმხრივი პიროვნული ღირსებების დაცვით და როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით. ალბათ, დამწყებმა იურისტმაც კი იცის, რომ გამოძიების დასრულებამდე, დასკვნებისა და შეფასებების გაკეთება არ არის მიზანშეწონილი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ვიყოთ დარწმუნებული, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, ყველა კითხვაზე მივიღებთ პასუხს. ამ საქმეს გამოიძიებს ობიექტური, მიუკერძოებელი პროკურატურა და ამ საქმეს განიხილავს თავისუფალი, ასევე მიუკერძოებელი სასამართლო”, – აღნიშნა ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები