“ჟურნალისტებმა ზაზა ოქუაშვილის მიმართ სამართლიანობა უკვე აღადგინეს”

“ჟურნალისტებმა ზაზა ოქუაშვილის მიმართ სამართლიანობა უკვე აღადგინეს”, – ამის შესახებ დავით მალაზონია წერს და ყოფილ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს.16924043_1640705505945433_1373097097_n
მეთოთხმეტე წელი დაიწყო, რაც „ნაციონალებმა“ საკუთარ ხალხს პირველად ესროლეს – 2004 წლის 21 თებერვალს სპეცრაზმმა, რომელმაც ტელეკომპანია „იბერია“ და „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიები 19 თებერვალს შტურმით აიღო, ადამიანებს, რომლებიც უსამართლობას აპროტესტებდნენ, ცეცხლი გაუხსნა, თუმცა საზოგადოების ნაწილმა ამას სათანადო ყურადღება არ მიაქცია. დღევანდელი გადასახედიდან, შესაძლოა, სწორედ ეს არასათანადო რეაქცია გახდა იმის საბაბ-მიზეზი, რომ წინა ხელისუფლებამ თავი ამ ქვეყნის სრულ ბატონ-პატრონად ჩათვალა და ყველას – მედიიდან დაწყებული ბიზნესით დამთავრებული – დამორჩილება მოინდომა, რასაც ზოგ შემთხვევაში, მიაღწია კიდეც, თუმცა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც 2016 წელს, „პატრიოტთა ალიანსის“ სიით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა (ამავე წელს, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ მიერ გამართულ მე-17 ბიზნესრეიტინგის დაჯილდოებაზე საუკეთესო ინვესტორადაც აღიარეს), „ვარდების ძალადობას“ არ შეეგუა – თავისუფალი სიტყვისა და ბიზნესის დაცვაზე უარი ერთი წუთითაც არ თქვა. 2016 წელს, ზაზა ოქუაშვილმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა „ოქროს ფრთამ“ მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ოქროს ფრთით“ დააჯილდოვა. აღსანიაშნავია, რომ ზაზა ოქუაშვილი ერთადერთი ბიზნესმენია, რომელიც ქართული პულიცერის პრემიის, ანუ „ოქროს ფრთის“ ლაურეატი სწორედ თავისუფალი მედიის დაცვის ნომინაციაში გახდა. „ამ ჯილდოში ძალიან დიდი სიმბოლიკაა. „ოქროს ფრთის“ დამაარსებელმა, ეთერი ჯიშკარიანმა მითხრა, თუკი ,,ოქროს ფრთა“ ვინმეს მკერდს დაამშვენებდა, ეს ზაზა ოქუაშვილიაო. ამ მკერდში გენაცვალე იმიტომ, რომ არ შედრკი, არ შეშინდი, უკან არ დაიხიე და რაც მთავარია, მებრძოლი ხასიათი გამოამჟღავნე. შენ ხალხი გადაარჩინე. შენ ადამიანებს სამუშაო მიეცი. ისეთი კაცები, როგორიც შენ ხარ, ისეთ ქვეყნებს აშენებენ, როგორიც, მაგალითად, აშშ-ია. დიდი მადლობა, რომ გამოიჩინე ძალა, რომლითაც შეუძლია, ხალხმა ისარგებლოს,“ – ასე მიმართა „ოქროს ფრთის“ დაჯილდოებაზე ფონდის ჟიურის თავმჯდომარემ, ცნობილმა ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს. „ჟიური ამ გადაწყვეტილებაში ერთსულოვანი იყო და ბატონი ზაზას გარდა, ვისაც მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ოქროს ფრთას“ გადავცემდით, სხვა კანდიდატურა არც განხილულა, – ამბობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ პრეზიდენტი, გავლენიან გაზეთ „პრაიმ თაიმის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ფხაკაძე და დასძენს, – 2004 წელს, ტელეკომპანია „იბერიას“ თავს დაესხნენ და მაუწყებლობა იარაღის ძალით შეაჩერებინეს, თუმცა ბატონ ზაზას მის დასაცავად უკან ერთი წუთითაც არ დაუხევია. რაც მთვარია, წლების მერე, თავისუფალი, დამოუკიდებელი ტელეკომპანია ისევ აღადგინა და ჟურნალისტებს, რომლებსაც თავის დროზე საქმიანობა ტერორით აუკრძალეს, თავისუფალი სიტყვის სათქმელად აუდიტორია დაუბრუნა. ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია ბიზნესისთვის არც მაშინ სჭირდებოდა და არც ახლა სჭირდება. მისთვის მთავარია, არსებობდეს თავისუფალი სივრცე, სადაც ადამიანები თავიანთ მოსაზრებასა და განსხვავებულ აზრს დააფიქსირებენ.“ თამარ ფხაკაძის თქმითვე, „ჟურნალისტიკაში ერთსულოვნება და მხარდაჭერა ცოტა ნაკლებადაა, რადგან მედია ძალიან პოლარიზებულია, თუმცა „იბერიას“ შემთხვევა ცოტა მოგვიანებით რომ მომხდარიყო, ამას მედიის უფრო დიდი აღშფოთება მოჰყვებოდა.“ რას ერჩოდა „ყვავილოვანი“ ხელისუფლება ზაზა ოქუაშვილს? – ამ თემაზე საუბრისას თამარ ფხაკაძე ამბობს: „ომეგა ჯგუფი“ მაშინაც, როგორც ახლა, შემდგარი ბიზნესი იყო და ხელისუფლების მფარველობა არ სჭირდებოდა, შესაბამისად, წინა ხელისუფლება ვერ გააკონტროლებდა და ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიების დამორჩილება სპეცრაზმით გადაწყვიტა, მაგრამ ზაზა ოქუაშვილი უსამართლობას არამცთუ შეეგუა, არამედ, ფარ-ხმალი არ დაყარა და დატერორებული ბიზნესი ისევ ფეხზე დააყენა – „ომეგა ჯგუფში“, რომელიც 2016 წელს საუკეთესო ინვესტორად დაასახელეს, ახლა გაცილებით ბევრი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე თავის დროზე იყო. სწორედ ესაა იმის მაგალითი, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.“ ისე, ხელისუფლების შეცვლის მერე, კერძოდ, „ომეგა ჯგუფმა“ მთავარ პროკურატურას მიმართა და მის წინააღმდეგ 2004 წელს განხორციელებული ზეწოლა-ტერორის გამოძიება მოითხოვა. ამ საქმიდან ტელეკომპანია „იბერიას“ ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელზეც გამოძიება სამი წელი გრძელდებოდა. „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ბრალი ყოფილ მთავარ პროკურორ ზურაბ ადეიშვილსა და მის მოადგილე, გიორგი ლაცაბიძეს აქვთ წაყენებული. ამ ეტაპზე „იბერიას“ საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. „იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზებული/გასართობი) დაუბრუნდა და ერთი წლის წინ, ტელევიზია ეთერში საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება. ამ ფონზე, ალბათ, სიმბოლურია, რომ ზაზა ოქუაშვილის მიმართ სამართლიანობა სწორედ მეოთხე ხელისუფლებამ აღადგინა – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა „ოქროს ფრთამ“ ის მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ „ოქროს ფრთის“ 15-წლიან ისტორიაშია ამ ნომინაციას მხოლოდ ერთადერთი ლაურეატი ჰყავს და ის ზაზა ოქუაშვილია, რომელმაც თავისუფალი სიტყვის ფასი ძალიან კარგად იცის. აკი, ამბობს კიდეც: „აბსოლუტურად ყველასთვის, თითოეული მოსახლისთვის – ბიზნესმენი იქნება თუ სახელმწიფო მოხელე, სიტყვის თავისუფლება მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს და აუცილებელია, რომ თავისუფალ სიტყვას მხარი ყველამ დავუჭიროთ. სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება!“, – ციტირებს ზაზა ოქუაშვილის სიტყვებს დავით მალაზონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები