დეპუტატი მიიჩნევს, რომ თამბაქოს კონტროლის გაუმჯობესება მომხმარებელთა შემცირებას გამოიწვევს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თამბაქოს კონტროლის გაუმჯობესებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს და თვლის, რომ კონტროლის გამკაცრება მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.
“წინა კვირას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს დირექტორის ჟუჟანა ჯაკაბის წერილი მოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეეებისთვის ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება. პირველი: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის პარლამენტს და მთავრობას, რათა მათ მხარი დაუჭირონ თამბაქოს კონტროლის გაუმჯობესებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა შევძლოთ საქართველოში თამბაქოს ეპიდემიის შეკავება. იმ ეპიდემიისა, რომელიც პასუხისმგებელია ყოველ მეხუთე სიკვდილზე ამ ქვეყანაში და რომლის გამოც ჩვენი მოქალაქეების მესამედი ათი წლით ნაკლებს ცოცხლობს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კაფეებში, რესტორნებში, სპორტულ დარბაზებში და სტადიონებზე თამბაქოს მოწევის და თამბაქოს რეკლამის სრულ აკრძალვას, რაც ბოლო 50 წლის საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით ეს ზომები თამბაქოს აქციზის მატებასთან ერთად, ქმედითი იქნება, რომ შემდეგი ათი წლის განმავლობაში გავანახევროთ მწეველთა რაოდენობა და ყოველწლიურად 5 ათასზე მეტი ადამიანი გადავარჩინოთ მტანჯველ სიკვდილს, ჩვენი მოქალაქე და ყოველი მეორე ბავშვი, რომელიც იმყოფება აქტიური თუ პასიური მოწევის ზემოქმედების ქვეშ, მოვაცილოთ ამ საწამლავს. ამიტომ, მეც ვუერთდები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებას და კოლეგებს უმორჩილესად გთხოვთ, რომ გაეცნოთ პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტებს და აუცილებლად მხარი დაუჭიროთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც შემდეგ საპარლამენტო კვირაში შემოვა პირველი მოსმენით”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიურო მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევას, რათა მიაღწიოს მოქალაქეებისთვის უნივერსალურ ჯანდაცვას.
“ამ წერილში ქალბატონი ჯაკაბი მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევას, რათა მიაღწიოს ჩვენი მოქალაქეებისთვის უნივერსალურ ჯანდაცვას, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამ სასურველი მიზნისგან. მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებს და ამჟამად განხორციელებულ რეფორმებს, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი მოქალაქეების ხელმისაწვდომობა ხარისხიან, ხაზს ვუსვამ, და რაც მთავარია, შედეგიან სამედიცინო მომსახურებაზე. კატასტროფული და გამაღარიბებელი დანახარჯების გარეშე, როგორც ეს იყო წინა წლების განმავლობაში. სწორედ ამ ამოცანის შესასრულებლად არის მიმართული ის რეფორმები, რომლებიც წლის დასაწყისიდან განხორციელდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და რომელთაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა მასმედიაში თუ რიგი ექსპერტების თუ ჩვენი პატივცემულზე პატივცემული ოპონენტების მხირდან. სწორედ ამიტომ, მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხორციელდება ამჟამად, ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების უზრუნევლსაყოფად და მშრალი ციფრები ამ ცვლილებების შედეგად:115 ათას ადამიანს აღუდგება უფლება საყოველთაო ჯანდაცვაზე, წარმოიდგინეთ. და მიიღებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ჯანდაცვით მომსახურებას, რომელსაც, სამწუხაროდ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვერ იღებდა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ასეთი მომსახურება კი მიიღო საქართველოს 2.5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ. მეორე – საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ვერ გასწევენ ჩვენი მოქალაქეების მომსახურებას ის კლინიკები, რომლებსაც შეუძლიათ, სარგებლის ნაცვლად ზიანი მოუტანონ პაციენტების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მესამე – დაიზოგება სახსრების ხარჯთეფექტიანობის და არა ადამიანთა ჯანმრთელობის ხარჯზე და დაზოგილი სახსრები მოხმარდება ჩვენი უმწეო ავადმყოფებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას. და უახლოეს მომავალში შეიქმნება სახელმწიფო კერძო პარტნიორობა, რომელიც ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს და კერძო სადაზღვეო ინდუსტრიას ჯეროვანი და სამართლიანი როლი მიენიჭება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაფინანსების საქმეში. დამერწმუნეთ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება და ეს რეფორმები სწორედ ჩვენი მოქალაქეების უმაღლეს ინტერესებს ემსახურება და ამის შედეგებს უახლოეს მომავალში ასეულ ათასობით ადამიანი იგრძნობს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები