ადვოკატი: დეკანოზს სურს, ჩვენების მიცემამდე პატრიარქს, ან სასულიერო პირებს შეხვდეს

“ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს სურს, რომ თავდაპირველად, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს იმ ჩვენების შესახებ ესაუბროს, რომლის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს”, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დეკანოზის სურვილია, რომ სანამ გამოძიებას ჩვენებას მისცემს, მანამდე პატრიარქს ან სასულიერო პირებს შეხვდეს.
“მამა გიორგი დუმილს არღვევს და ის მზად არის, ჩვენება მისცეს სრულყოფილად. მამა გიორგი დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, რომ თუ იქნება შესაძლებლობა, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, სანამ გამოძიებას მისცემს ჩვენებას, ეს ყველაფერი უთხრას პატრიარქს. თუ პატრიარქი ვერ შეძლებს, ის ელოდება წმინდა სინოდიდან სასულიერო პირებს, რომ მოვიდნენ და დეტალურად მოუყვეს, რასთან არის რეალურად საქმე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ საუბარს ნანა კაკაბაძის მხრიდან, უპრიანი იქნება, თუ იქნება მამა პეტრე. დიდი იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოდან იქნება ადეკვატური პასუხი. ის არის სასულიერო პირი და სურვილი აქვს, პირველ რიგში, ინფორმაცია მიაწოდოს საპატრიარქოს.
ჩვენ, პარალელურად, მივმართავთ პროკურორებს დაკითხვისთვის, თუმცა ამავდროულად, გვინდა პასუხი საპატრიარქოსგან, თუ რა პოზიციაზე იქნებიან”, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები