ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის მოსამართლედ ღირსეული კანდიდატები შეირჩევა

ღია და გამჭირვალე პროცედურების საფუძველზე სტრასბურგის მოსამართლედ ღირსეული კანდიდატები შეირჩევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა.
“კარგია, რომ განახლდა სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გამჭირვალე პროცედურის საფუძველზე ჩვენ შევძლებთ, ღირსეული კანდიდატურის შერჩევას და ეს კანდიდატი იქნება არჩეული სტრასბურგის მოსამსართლეთა მიერ”, – განაცხადა კობახიძემ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლიდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას, ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული).
ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას.
კანდიდატი მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე, ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.
საბუთებისა და განაცხადების მიღება 2017 წლის 14 მარტამდე გაგრძელდება. განაცხადებიდან სამ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს.
კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: საბუთების მიღება და მათი საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენა; პირველი ეტაპის შედეგად წარმატებული მოსამართლეობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში, გამარჯვებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება, კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას.
კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე, სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეუძლიათ შესარჩევი კომისიის წევრებს, როგორც ეს იყო წინა კონკურსის დროსაც.
სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია, რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული.
კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს.
გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ-ერთ მათგანს. პროცედურის დასასრულ, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები