ბრალდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას სხვა კლინიკაში გადაიყვანენ
ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დამატებითი გამოკვლევებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრიდან დღეს მას სხვა კლინიკაში გადაიყვანენ.
როგორც ჟურნალისტებთან ჩაფიძის გულის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოფო უნგიაძემ განაცხადა, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, გუშინდელთან შედარებით, ჩივილები შედარებით ნაკლებად აქვს. მისივე თქმით, როგორც კლინიკური მონაცემების, ასევე ლაბორატორიული გამოკვლევების დინამიკა გაუმჯობესებულია. “ამ დროისთვის განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილი არ აქვს, იგეგმება დამატებითი გამოკვლევები სხვა კლინიკაში, თუმცა ამ ეტაპზე, კლინიკას ვერ დავაკონკრეტებ, რადგან ამ წუთებში მიმდინარეობს შეთანხმება. დამატებით გამოკვლევებში იგულისხმება გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. გამოკვლევების შემდგომ, პაციენტი ისევ დაბრუნდება ჩვენს კლინიკაში”, – განაცხადა ექიმმა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ დროისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავისუფლად საუბარი, ექიმმა უპასუხა, რომ მას შეუძლია თავისუფლად საუბარი, შემოდის კონტაქტში და აბსოლუტურად ადეკვატურია. მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, ამ დრომდე,ტემპერატურის მატებაც არ დაფიქსირებულა.
ექიმის თქმით, შემდგომი გამოკვლევების საფუძველზე და კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით, სტაბილური სიტუაციის შემთხვევაში, გაწერის თარიღი დადგინდება, თუმცა ამ ეტაპზე, ექიმს ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.