დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ,,იტალიური დიზაინის დღე“ აღინიშნება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა, იტალიის აკრედიტებული საელჩო, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ და სტუ-ს ,,იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი“ (IDS) 22 თებერვალს, 12:00 საათზე მსოფლიოს 100 უდიდეს ქალაქს შეუერთდება და პირველად „იტალიური დიზაინის დღეს“ აღნიშნავს.
ღონისძიებას იტალიის სრულუფლებიანი ელჩი, ანტონიო ენრიკო ბარტოლი გახსნის, იტალიური დიზაინის შესახებ მოხსენებას კი IDS-ის დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნიკოლოზ შავიშვილი წაიკითხავს.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა ,,მრგვალი მაგიდა“ და მოხდება კონკურსში -,,საუკეთესო ლოგოს დიზაინის“ (საქართველოსა და იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის აღსანიშნავად) და ,,საუკეთესო პოსტერის დიზაინის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ სტუდენტებს გადაეცემათ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოების“ – ADA -ს იტალიური ენის საერთაშორისო კურსების სასწავლო სტიპენდიები. გამარჯვებულებს პრიზებს იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლი გადასცემს.
,,დიზაინის საერთაშორისო დღეს“ იტალიის საელჩოს თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, IDS-ის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 2017 წელს, მსოფლიოს 100 უდიდეს ქალაქში პირველად ტარდება ,,იტალიური დიზაინის დღე“ და მისი ორგანიზატორია მილანის ტრიენალე. ამ ინიციატივის ფარგლებში, იტალიური დიზაინის წამყვანი სპეციალისტები, ე.წ. „ელჩები“, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართავენ ,,მრგვალ მაგიდას“ და ისაუბრებენ იტალიური დიზაინისადმი მიძღვნილ თემებსა და მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებზე. ღონისძიება სატელევიზიო და მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით 24-საათიან რეჟიმში გაშუქდება. მონაწილეებს სმარტფონით გადაღებული მასალის განთავსება სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე შეეძლებათ.
პროექტის ,,იტალიური დიზაინის საერთაშორისო დღე“ ძირითადი მიზანია, მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი უცხოელი ნიჭიერი ახალგაზრდა ან უკვე შემდგარი დიზაინერი და გზა გაუხსნას საერთაშორისო ბაზარზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება მილანის ტრიენალეზე, რომელიც 2018 წელს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები