პატრიარქი დეკანოზის საქმეზე: შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს (ვიდეო)

“შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს”, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, აღნიშნულ საქმეზე განვითარებული მოვლენები არამარტო ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს პრობლემაცაა.
„ეს ორი კვირა ძალიან რთული იყო ჩემი ჯანმრთელობის გამო და იძულებული ვიყავი, წავსულიყავი გერმანიაში და იქ მემკურნალა. გამიკეთეს ძალიან რთული ოპერაცია და აი, ამ დროს შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა. ეს არის არამარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ეს სახელმწიფოს პრობლემაა. ამიტომ აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში სახელმწიფო და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას”, – მიმართა უწმინდესმა პრეზიდენტს, რომელიც საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას სინოდის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და აღელვებულმა ხალხმა პასუხი უნდა მიიღოს.
„უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ არ გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება და ამიტომ უნდა დაგვეხმაროთ და ერთობლივი გამოძიება შედგეს -სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას. ხალხი დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები