დავით ნარმანიამ მდინარე მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა (ვიდეო)

მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან – გიგა ნიკოლეიშვილთან, რომელიც უშუალოდ კურირებს პროცესს, და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორთან, ზვიად ქაწაშვილთან ერთად, დღეს პირადად იმყოფებოდა ლოკაციებზე. დავით ნარმანია სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
“დავიწყეთ მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები, აქ არის მდინარის მიერ ჩამოტანილი ნარჩენები, ისევე, როგორც გასასხლავია ხე-მცენარეები, ამიტომაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროცესი, რომელშიც მერიის ყველა ძირითად სამსახურთან ერთად, ჩართულია შსს-ს შესაბამისი სამსახურები. ერთობლივი ძალისხმევით, უახლოესი შემდგომი ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში, ვიმუშავებთ ინტენსიურად და გავასუფთავებთ მტკვრის კალაპოტს, რათა ერთი მხრივ, გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური თვალსაზრისით, იყოს მოწესრიგებული და მეორე მხრივ, ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სანახაობრივად ეს ყველაფერი იყოს სუფთა,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მტკვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით იწმინდება წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. მიმდინარეობს ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, იჭრება. სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები არიან ჩართულნი.
მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები პერმანენტული ხასიათისაა და რამდენიმე დღეს გასტანს. ჯამში, დაახლოებით, 10 კმ.-იანი მონაკვეთი დასუფთავდება. გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს – ორთაჭალის ჰესთან და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან ( რესტორან „აფხაზეთის“ მიმდებარედ).
საგზაო შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გასტანს. დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელსაც შსს-სთან ერთად, მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები