გიორგი მარგველაშვილი: პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ილია მეორემ პრეზიდენტთან და სინოდის წევრებთან ერთად  შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, იგი დაესწრო პატრიარქის ხელმძღვანელობით მიმდინარე ღია, დემოკრატიულ და  საინტერესო თათბირს, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება.
„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას ერთად გაგიზიაროთ სიხარული იმისა, რომ პატრიარქი დაბრუნდა საქართველოში, თავს გრძნობს მხნედ,ჯანმრთელად და დღეს მე პატრიარქთან ერთად შევხვდი მეუფეებს. დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება. მინდა გითხრათ შემდეგი: პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას. პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ძალიან საინტერესო თათბირია იმიტომ, რომ ასეთი ღიაობა,დემოკრატიულობა, ერთმანეთის აზრის მიღება თავისთავად კარგი დასანახია – კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე ღიად რომ ვსაუბრობდეთ.
ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სირთულეების თაობაზე. ჩემი აზრით, ამ საუბრის შეჯამება მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა დააფიქსიროს, ამტკიცოს თავისი სიმართლე, ან სიმართლის თავისი ვერსია. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე და ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალობით, შეჯიბრებითობით, იმიტომ, რომ მე მინდა შევახსენო ყველას, რომ დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმცია დარღვეულია საქართველოში და მამა გიორგის და ადვოკატებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავის სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ. აი ამ პროცესით ჩვენ გადავლახავთ არსებულ სირთულეებს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები