ალექსანდრე ჯეჯელავა: ვიცე-პრემიერად მუშაობის მიზანი იქნება, უწყებების ძალისხმევა კოორდინირებული იყოს

„ჩემი საქმე იქნება მთავრობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია, ანუ თქვენთან მეტი ურთიერთობა მომიწევს, რასაც დადებითად ვუყურებ“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშნულმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯეჯელავას განმარტებით, იგი შეეცდება ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდული საქმიანობა უფრო ეფექტური გახადოს.
„მოგეხსენებათ, პრემიერმა დამნიშნა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე. ჩემი საქმე იქნება მთავრობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია, ანუ თქვენთან მეტი ურთიერთობა მომიწევს, რასაც დადებითად ვუყურებ. მეორე არის ახალგაზრდული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდობის საკითხებით რამდენიმე უწყებაა დაკავებული, მათ შორის განათლების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტროშიც არის ახალგაზრდული საკითხები, თვითმმართველობაშიც და შევეცდებით, რომ თავი მოვუყაროთ და ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდული საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება კითხვას, აქამდე რამდენად ეფექტური იყო ამ მიმართულებით მუშაობა, ჯეჯელავას განმარტებით, „ეფექტურობა ისეთი რამეა, რასაც ბოლო არ აქვს“.
„ახლა რომ უფრო ეფექტურს გავხდით, მომავალ წელს კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით და ეს უსასრულოა. მე ვფიქრობ, რომ აქამდე იყო უფრო ეფექტური, ვიდრე მანამდე, მაგრამ ამიერიდან კიდევ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე აქამდე იყო. მეტი ეფექტურობა გულისხმობს, რომ ყველა უწყებების ცალკე ძალისხმევა კოორდინირებული იყოს და შესაბამისად, დახარჯულ ლარზე მეტი ეფექტი მივიღოთ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები