მამუკა ვასაძე: ციანიდის მცირე ოდენობის გადატანა სირთულეებთან არ არის დაკავშირებული

ციანიდის მცირე ოდენობა შესაძლოა ნებისმიერ ადგილას დაიმალოს და მისი გადატანა სირთულეებთან არ არის დაკავშირებული, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, მომწამლავი ნივთიერება, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს, ფერადი ლითონის მომზადებისთვის გამოიყენება. კითხვაზე, რამდენად მარტივია ამ ნივთიერების საბაჟოზე გადატანა, პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე არ ისაუბრებს.
„ციანიდი“ არის მომწამლავი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ფერადი ლითონების მომზადებისთვის. საქართველოში გამოიყენება სხვადასხვა საწარმოებში და აქედან გამომდინარე, საბაჟოზე მისი გადაადგილება შეზღუდული არ არის. კონკრეტულ გზებზე, თავისუფლად შეძლებდა თუ არა ბრალდებული ციანიდის გადატანას საბაჟოზე, მე არ ვისაუბრებ უსფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს არის მომწამვლელი ნივთიერება და რა გზებით არის შესაძლებელი მისი გატანა ან შემოტანა საქართველოში ამაზე არ ვისაუბრებ. ციანიდის მინიმალური ოდენობა საკმარისია ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. მცირე ოდენობა კი შესაძლოა ნებისმიერ ადგილას დაიმალოს და მისი გადატანა სირთულეებთან არ არის დაკავშირებული“, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა ინტერპრეტაციები პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები