ექიმი: დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია, დადგინდა ფილტვების ანთება
ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ექიმმა აღნიშნა, გამოირიცხა მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება და შემდგომმა კვლევებმა გამორიცხა გულის ორგანული დაზიანება. მისივე თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯერჯერობით კლინიკაში რჩება და მიმდინარეობს მკურნალობა.
“დადგინდა ცხელება, ეს არის პნევმონია (ფილტვების ანთება) და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა, რომელშიც ჩართულნი არიან სხვადასხვა განხრის სპეციალისტები“, – განაცხადა ექიმმა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელასრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში 17 თებერვალს გადაიყვანეს.