მამა გიორგი ზვიადაძე: პატრიარქის ჩამობრძანების შემდეგ, შესაძლოა, წმინდა სინოდის სხდომა გაიმართოს

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერის მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, მეუფე პეტრეს განცხადებებმა დიდი წუხილი და შფოთი გამოიწვია საზოგადოებაში.
როგორც მამა გიორგიმ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, ამი მიუხედავად, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგანაც „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არანაირი დაპირისპირება არ არის“.
პროტოპრესვიტერის განმარტებით, მეუფე პეტრეს საჯაროდ საუბრის ნაცვლად, საკითხი განსახილველად სინოდის სხდომაზე უნდა გაეტანა.
„დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან ერთად ძალიან მძიმე იყო მეორე საკითხი, რომელიც უკავშირდება ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებას ზოგიერთ მაღალ საეკლესიო იერარქსა და მდივან-რეფერანტთან დაკავშირებით. პიროვნებები, რომლებიც დასახელდა მეუფე პეტრეს მიერ, ყველა მათგანთან მიხდება შეხება. ეს პიროვნებები საქართველოს პატრიარქის გვერდით დგანან, ესენი არიან უაღრესად ერთგულნი საქართველოს ეკლესიის, ამის თქმის საფუძველი მაქვს. თუკი მეუფე პეტრე აქვს საფუძველი სხვაგვარად იფიქროს და თქვას, ამისთვის არსებობს წმინდა სინოდის სხდომა, სადაც მღვდელმთავარი მოვალეა, კანონიკური ნორმების მიხედვით გაითვალისწინოს ის სამართლებრივი პროცედურა, რასაც ასეთ შემთხვევაში საეკლესიო სამართალი ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. უცბად ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რომ ხდება საჯარო სივრცეში განცხადების გაკეთება, რამაც ადამიანებს კითხვები გაუჩინა თუ ვინ მართავს საქართველოს ეკლესიას. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს აქვს ნების სიმტკიცე და როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, მას აქვს უაღრესი სიმკაცრე და პატრიარქი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ეკლესიაში მოვლენები არასწორად განვითარდეს. რა ამოძრავებს მეუფე პეტრეს არ ვიცი. ვფიქრობ, კათოლიკოს-პატრიარქი როცა საქართველოში ჩამობრძანდება, შესაძლოა, გაიმართოს წმინდა სინოდის სხდომა. შესაძლოა, მღვდელმთავრებს ჰქონდეთ ერთმანეთთან საუბრის საშუალება“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები