მამა გიორგი ზვიადაძე: არავის აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა პატრიარქის ან რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის სიცოცხლის ხელყოფა

არავის აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა პატრიარქის ან რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის სიცოცხლის ხელყოფა, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო ენდობა გამოძიებას და რამდენიმე დღეში საპატრიარქო პროკურატურასთან ერთად ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს საზოგადოებას.
„ცხადზე უცხადესია, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით ყველა, როცა გაჩნდა ასეთი ეჭვი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე ბრალდებაა საქართველოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა ან რომელიმე საეკლესიო პირის, ან რომელიმე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არის უმძიმესი ცოდვა, მაგრამ ეს ცოდვა კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ვინმეს შეიძლება განზრახვა ჰქონდეს, ხელყოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლე.
საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი და მიზეზი, რომ არ ენდოს გამოძიებას, ეჭვი შეიტანოს გამოძიებაში. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყურადღებით დააკვირდება ამ მოვლენებს. უნდა აღვნიშნო, რომ მთავარმა პროკურატურამ მისცა საპატრიარქოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა, რომ მასალებს გაცნობოდნენ. უნდა დაველოდოთ მისი უწმინდესობის ჩამობრძანებას და ალბათ კიდევ რამდენიმე დღე იქნება საჭირო, რომ ეკლესიამ პროკურატურასთან ერთად ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე, საქართველოს ეკლესია არის ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად მართებს, რომ თვალი გაუსწოროს სიმართლეს“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები