მამა გიორგი ზვიადაძე: არ ვიცი ვინ გაავრცელა არასრული ვერსია და რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ეს პიროვნება

პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე პატრიარქის 16 თებერვლ“ის მიმართვის არასრულად გავრცელების საკითხს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ გაავრცელა მიმართვის არასრული ვერსია, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს გავრცელა მან, ვინც გადაიღო.
„მე არ ვიცი ვინ გაავრცელა არასრული ვერსია და რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ეს პიროვნება, რა მიზანდასახულობა ჰქონდა მას, ძალიან რთულია საუბარი იმის შესახებ, თუ რატომ გააკეთა რომელიმე პიროვნებამ ეს, როცა საკუთარ თავს მისცა უფლება, გაევრცელებინა პატრიარქის მიმართვის არასრული ვერსია.
როცა პატრიარქი თვლის, რომ ისაუბროს ამ სიტყვებით, რა თქმა უნდა, პატრიარქი არის უგონიერესი ადამიანი, უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნება და ეს მთელმა საზოგადოებამ იცის, არა მარტო საქართველოს ეკლესიაში, არამედ მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ამიტომ აუცილებელია იმის გარკვევა, რატომ იყო საჭირო ამ მიმართვის შემცირებული სახით წარმოდგენა. ძალიან რთულია რაიმე ეჭვის გამოთქმა, მე სასულიერო პირი ვარ, ჩვენ ყველანი შეწუხებულები ვართ, ეკლესიისთვის ეს არის უმძიმესი საკითხი და ყველანი განვიცდით ამას. მე პირადად ვიცნობ მამა გიორგის, ყველასთვის მოულოდნელია ეს. არავის არ აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა ხელყოფა რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის სიცოცხლის”, – განაცხადა მამა გიორგიმ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ობიექტივმა“ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ოპერაციის შემდეგ გადაღებული ვიდეოჩანაწერის სრული ვერსია გაავრცელა, სადაც ილია მეორემ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „ობიექტივის“ ინფორმაციით, პატრიარქის ჩანაწერის სრული ვერსია არ გავრცელდა და მასალიდან მნიშვნელოვანი ფრაზა ამოჭრეს – „რა მოხდა, რატო მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?“
„მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს… ვისი დავალებით ხდება ეს?“ – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები