მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ”რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის გათიშვის საკითხს ეხმაურება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ნიკა გვარამია ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატია.
”გუშინ, სოციალურ ქსელში წამოსული ბუნებრივი პოზიციები, ალბათ, ასახავს იმ რეალობას, რაც ხდება სინამდვილეში. გვარამია არის ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატი. მას, ალბათ, ეგონა, რომ ვიღაც შევარდებოდა, ვიღაც გათიშავდა, ეს მოლოდინი არ გაუმართლდა და თვითონ გააკეთა ეს ყველაფერი. ამაზე მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთო. ჩანს ვისი სტილია პროვოკაციები, გათიშვები, ვისი სტილია ის, რომ რაღაც დესტაბილიზაციის ფონი შექმნას და ამით გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ადამიანების ფსიქოლოგიაზე, ეს არის ძალიან ცუდი”, – განაცხადა მდინარაძემ ევროპარლამენტის წევრთან, ანა გომეშთან შეხვედრის შემდეგ.
მდინარაძის თქმით, გომეში შეხვედრაზე ”რუსთავი 2”-ის საქმით დაინტერესდა.
”მას ჰქონდა გარკვეული კითხვები. ჩვენ გარკვეული განმარტებები გავაკეთეთ და ამბავი მოვუყევით ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზეც ჰქონდა კითხვები და ჩვენ ვუთხარით ჩვენი პოზიცია, რომ ადამიანების შრომითი უფლებები არ უნდა დაირღვეს და რეფორმა ისე უნდა განხორციელდეს. ეს  მას ძალიან მოეწონა. ჩვენი პარტნიორი ევროპელები განსაკუთრებით მიესალმებიან ამ მიდგომას. მე ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა უნდა განვითარდეს და მაუწყებლის შემდგომი რეფორმირება ამ სტილში უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა, პროტესტის ნიშნად, მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები