დავით ბაქრაძე პროკურატურას მოუწოდებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები გამოაქვეყნოს

 „მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას, თუკი გააჩნია რაიმე სახის მტკიცებულებები, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ და გაასაჯაროონ“, – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე.
დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს.
”ჩვენ მოვისმინეთ პატრიარქის განცხადება ამ პიროვნების შეფასების. ჩვენ მოვისმინეთ წმინდა სინოდის წევრთა განცხადებები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან მის უდანაშაულობაში და ასეთ პირობებში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას, თუკი გააჩნია რაიმე სახის მტკიცებულებები, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ და გაასაჯაროონ, რადგან დღეს დაკავებულია სასულიერო პირი და არ ვიცით რა ბრალდებით”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, არავინ იცის, რას აპირებდა ეს ადამიანი, აპირებდა თუ არა საერთოდ ვინმეს მოწამვლას, რა ნივთიერება ჰქონდა მას ბარგში, იყო თუ არა ეს ციანიდი და ა.შ. საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები.
„თუკი პროკურატურა ინფორმაციას არ გაასაჯაროებს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდ და საშიშ მიმართულებას მიიღებს. საზოგადოებაში უკვე არსებობს ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები, იმასთან დაკავშირებით, თუ რაზეა საერთოდ საუბარი და რამდენად სამართლიანად არის დაკავებული სასულიერო პირი”, – აღნიშნა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდა მოეხდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები