ირაკლი მამალაძე: მკვლელობის მომზადება უკავშირდებოდა პატრიარქს და მის გარემოცვას – პროცესი ასახულია ჩანაწერებში

ეს მძიმე დანაშაული იყო მკვლელობის მომზადება და მთელი ეს მომზადების პროცესი ასახულია ამ ჩანაწერებში, – ამის შესახებ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მკვლელობის მომზადება უკავშირდებოდა პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას.
”დღეს ჟურნალისტები, რომლებიც არჩევენ მტყუან-მართალს, რომლებიც ახდენენ ჩემი პიროვნების დისკრედიტაციას, ამით კი არ უნდა იყვნენ დაკავებულები, დღეს საზოგადოება უნდა ითხოვდეს მთავარი პროკურატურისგან მტკიცებულებების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას. ეს ვიდეო და აუდიოჩანაწერი, მერწმუნეთ, ძალიან მძიმე მოსასმენი და შოკისმომგვრელია, თუმცა ამით აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული სამართალდამცველების მიერ. ეს მძიმე დანაშაული იყო მკვლელობის მომზადება და მთელი ეს მომზადების პროცესი ასახულია ამ ჩანაწერებში, მტკიცებულებებში. ეს მკვლელობა ცალსახად უკავშირდება პატრიარქს და მის გარემოცვას, მაგრამ ამაზე გამოძიებამ საბოლოო ვერსია უნდა დადოს და გამოკვეთოს”, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მისივე თქმით, თუ ვის წინააღმდეგ მზადდებოდა დანაშაული, ამაზე გამოძიებამ და იმ ადამიანმა უნდა ისაუბროს, რომელიც ამ ბრალდებითაა დაკავებული.
”ამაზე უნდა ისაუბროს გამოძიებამ და იმ პირმა, ვინც ახლა დუმილის უფლებას იყენებს და არაფერს ეუბნება საზოგადოებას. ამ პირმა უნდა თქვას, რას აპირებდა, ვისთან მიჰქონდა აღნიშნული მომწამვლელი ნივთიერება და ვის ლიკვიდაციას გეგმავდა. მაგრამ ცალსახად, კონტექსტი და შინაარსი ამ დანაშაულის დაგეგმვის, სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ მკვლელობა მზადდებოდა პატრიარქის და მისი უახლოესი გარემოცვის პირების წინააღმდეგ”, – განაცხადა მამალაძემ.
საქმის მთავარი მოწმე პროკურატურისგან მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ რეალურად მძიმე დანაშაული აღიკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები