ია ანთაძე: მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს, ბორდს სურს თუ არა რეალური რეფორმა

„ფიფლმეტრებით“ გაიზომა არხის რეიტინგი და აღმოჩნდა, რომ „ზოგი გადაცემა არის არხის საშუალო რეიტინგზე მაღალი, ზოგი ინარჩუნებს სტატუს-კვოს, ზოგი კი იწვევს „მაყურებლის მიგრაციას“ ანუ მაყურებელი იღებს პულტს და სხვა არხზე რთავს“ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ ახალ გეგმაზე კომენტირების დროს განაცხადა, რომელიც ე.წ. წითელ ზოლში მყოფი დაბალრეიტინგული გადაცემების დახურვას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის 10 გადაცემა თავის მხრებზე ეწეოდა 20 გადაცემას, უფრო სწორად, ვერ ეწეოდა.
ანთაძეს მიაჩნია, რომ სწორედ ამის გამო მაყურებლების რაოდენობა მუდმივად იკლებდა.
ია ანთაძის განცხადებით, ხარისხობრივი და ზეგავლენის კვლევები მოითხოვს როგორც ფინანსებს, ასევე დროს, ამიტომაც არხის მენეჯმენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რეფორმა განხორციელდეს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
ია ანათაძის განცხადებით, მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს, ბორდს სურს თუ არა რეალური რეფორმა.
„რა გადაცემებიც დაგვხვდა ეთერში, მათთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობდა არასდროს, იმიტომ, რომ ეს იყო ტელევიზია, რომელიც ქმნიდა გადაცემებს იმ ნიშნით, რომ ისინი უნდა ყოფილიყო ხარისხიანი, ღირებულებებზე ორიენტირებული. ერთადერთი რასაც არ ითვალისწინებდნენ, იყო ის, – ჰყავს თუ არა მაყურებელი გადაცემებს. ამბობდნენ, რომ ეს არის უმნიშვნელო, შედეგად მივიღეთ ის, რომ წლიდან წლამდე ეცემოდა არხის რეიტინგი და ამას ადასტურებს „ფიფლმეტრებიც“ და სხვა კვლევებიც. იმის გათვალისწინებით, რომ ხარისხობრივი კვლევა და ზეგავლენის კვლევა არის ძალიან გრძელვადიანი კვლევები, რომლებიც მოითხოვს როგორც დროს, ასევე დიდ ფინანსებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ თუ რეფორმა გვინდა, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება რაც შეიძლება ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით. ეს არის ის კრიტერიუმი, რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არ შეიძლება კითხვა გაჩნდეს, ეს არის შეწონილი რეიტინგი ყველა გადაცემის 12 სექტემბრიდან 12 თებრვლამდე 6 თვის განმავლობაში, რომლის მიხედვითაც ზოგი გადაცემა არის არხის საშუალო რეიტინგზე მაღალი, ზოგი ინარჩუნებს სტატუს-კვოს, ზოგი კი იწვევს „მაყურებლის მიგრაციას“ ანუ მაყურებელი იღებს პულტს და სხვა არხზე რთავს. მარტივად რომ ვთქვათ, არხის 10 გადაცემას ზურგში ჰქონდა მოკიდებული ე.წ ყვითელ ზოლში მყოფი ხუთი გადაცემის და ე.წ წითელ ზოლში მყოფი 15 გადაცემის ტვირთი“, – განაცხადა ია ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები