გია ვოლსკი: ბევრს ვერ წარმოუდგენია, რატომ არ საუბრობს პატრიარქი პროკურატურის საბრალდებო დასკვნის ენით

“პატრიარქი სხვა ენით, სხვა მესიჯით ლაპარაკობს და საზოგადოებაზე სხვა კუთხით ზრუნავს”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე გაკეთებული მიმართვა.
ვოლსკის თქმით, ბევრს ვერ წარმოუდგენია, რატომ არ საუბრობს პატრიარქი პროკურატურის საბრალდებო დასკვნის ენით.
„პატრიარქი სხვა ენით, სხვა მესიჯით ლაპარაკობს და საზოგადოებაზე სხვა კუთხით ზრუნავს, ბევრს ვერ წარმოუდგენია, რატომ არ საუბრობს პატრიარქი პროკურატურის საბრალდებო დასკვნის ენით ან განგებ ითხოვს ასეთი ხარისხის დაძაბულობას, პატრიარქმა სხვანაირად როგორ უნდა თქვას?!“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სრულიად საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს გუშინ გამოეხმაურა.
„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა, გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია, ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალშიც. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება“, – აღნიშნავს ილია მეორე მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები