ამირან სალუქვაძე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით: მხოლოდ ახირებაა ახალი დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი შეფასებით, სრულიად დაუსაბუთებელი და მიუღებელია, მხოლოდ ახირებაა ახალი დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა. როგორც სალუქვაძე წერს, უკანონო მოსმენების, პირად ცხოვრებაში შეჭრის და ამ მასალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მანკიერი პრაქტიკის შესამცირებლად, აუცილებელია პასუხისმგებლობის საგრძნობლად გამკაცრება, როგორც მოპოვებაზე, ასევე დაკვეთასა და გავრცელებაზე.
„კიდევ ერთხელ მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით და ამ საკითხს მეტად აღარ დავუბრუნდები. დავიწყოთ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინის გადაყენების საკითხით, რომელზეც ალბათ ერთ-ერთმა პირველმა დავწერე და არა იმ მიზნით, რომ მხოლოდ ამ მაღალჩინოსნის გადადგომის თემა იყო საინტერესო, არამედ მომხდარის მიზეზის გამო. მაკლ ფლინის გადადგომის მიზეზი იყო არა რუსეთის ელჩთან საუბრის ფაქტი, არამედ ის, რომ მან რუსეთის ელჩთან საუბრის შინაარსთან დაკავშირებით არასრულყოფილად ჩააყენა საქმის კურსში თავისი, ანუ სახელმწიფოს ხელმძღვანელობა. საიდან გახდა ცნობილი ამ ფაქტის შესახებ, ფლინმა გააცნო საზოგადოებას, თუ რუსეთის ელჩმა? ცნობილი გახდა მოსმენების შედეგად.
ამჟამად “რესპუბლიკელი” კონგრესმენები საუბრის გასაჯაროებას ითხოვენ, რაც, თუ გასაჯაროვდა, შესაძლოა, ძალიან დიდი სკანდალის მიზეზი გახდეს. როგორ ფიქრობთ, ვის უსმენდნენ სპეცსამსახურები და ჰქონდათ თუ არა სასამართლოს სანქცია?
პრესკონფერენციაზე, რომელიც მოსმენების საკითხთან დაკავშირებით გავმართე, დროის სიმცირის გამო, ვერ მოვახერხე მსოფლიო გამოცდილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ჟურნალისტის კითხვას მხოლოდ მოკლედ ვუპასუხე. ამიტომ ძალიან მოკლედ მიმოვიხილავ, თუ რომელ ქვეყანაში როგორი მოდელი მოქმედებს.
რაკი აშშ-ზე ვწერდით, ამერიკითვე დავიწყოთ. ამერიკაში მოსმენებს ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA), რომლის უფროსი, ამავე დროს, არის ცენტრალური უსაფრთხოების სამსახურის და კიბერსარდლობის მეთაურიც. NSA სტრუქტურულად თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაშია და ამავდროულად, ეროვნული დაზვერვის დირექტორის განკარგულებებსაც ასრულებს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული სტრუქტურული მოდელია, მაგრამ ყველა სტრუქტურის კომპეტენცია მკაფიოდაა გაწერილი და რაიმე სირთულეებს არ იწვევს. არ მომწონს, რომ NSA თავდაცვის უწყებაში შედის, თუმცა ეს აშშ-ის შიდა საკითხია. თან ამერიკას ერთი რამ ახასიათებს: ისინი ძალიან ფაქიზად უდგებიან სტრუქტურულ რეორგანიზაციებს. რატომ? ეს ცალკე მსჯელობის საგანია, თუმცა, ნაწილობრივ, ბევრჯერ დამიწერია, რომ ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება დიდ ზეგავლენას ახდენს იმ კონკრეტულ მომენტში მართვის (კონკრეტული სისტემის ფუნქციონირების) ეფექტიანობაზე.
ამერიკას ასეთი ფუფუნება არ აქვს, რომ ჩვენსავით ქრონიკული რეორგანიზაციების (რეფორმების) პირობებში იყვნენ. ჩვენ ალბათ ასეთი ფუფუნება გვაქვს. NSA-ს საქმიანობა მეტწილად დახურულია. შეგვიძლია აშშ დავადანაშაულოთ, რომ არადემოკრატიული მოდელი აქვთ? სიამოვნებით მოვისმენდი ასეთ განცხადებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც გვთავაზობენ მოსმენების ცალკე სააგენტოს შექმნას.
რა ხდება ევროპაში? ბალტიისპირეთის სამთავე სახელმწიფოში მოსმენებს ძალოვანი უწყებები ახორციელებენ. უბრალოდ, მათ სხვადასხვა სახელწოდებები ჰქვია: საპოლიციო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, უსაფრთხოების პოლიცია. ეს სამსახურები სრულ ელექტრონულ კონტროლს ახორციელებენ. სამივე სახელმწიფო ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან.
გერმანიაში მხოლოდ საცხოვრებელ სახლში საუბრის ჩაწერა საჭიროებს სასამართლოს სანქციას. თვითონ კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური პრევენციულად ახორციელებს მოსმენა/მიყურადებას და ამისათვის შსს მინისტრის ნებართვაა საკმარისი.
დიდმა ბრიტანეთმა სულ ახლახან მიიღო საგამოძიებო უფლებამოსილების გაზრდის (არა შემცირება/დაკნინების) ახალი საკანონმდებლო პაკეტი. ცვლილებები ბრიტანულ სამართალდამცავ სტრუქტურებს შეუზღუდავ უფლებებს ანიჭებს. რატომღაც ბრიტანელი ექსპერტები ან უფლებადამცველები, იმ მზარდი ტერორისტული საფრთხეების ფონზე, რაც დღევანდელ მსოფლიოშია, არ ხმაურობენ და არ ამტკიცებენ, რომ დემოკრატია ილახება, ან ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია. ბრიტანეთში, ახალი ცვლილებების შესაბამისად, ინტერნეტ და მობილური სერვისის პროვაიდერები ვალდებულნი არიან, 12 თვის განმავლობაში შეინახონ ინფორმაციები (ვებისტორიები, ტრაფიკის მონაცემები და ა.შ.) და ამ პერიოდში უზრუნველყონ ამ მონაცემებთან საპოლიციო და უსაფრთხოების სტრუქტურების წვდომა.
მოკლედ, არც ამერიკაში, არც ძველ თუ ახალ ევროპაში (წარმატებულ სახელმწიფოებს ვგულისხმობ), არც აზიურ ქვეყნებში, არც ჩვენთვის ასე მისაბაძ ისრაელში ცალკე სტრუქტურა, რომელიც ძალოვან უწყებებში არ შედის და მოსმენებს ახორციელებს, არ არსებობს. მაშ ჩვენ რატომ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს? არ გვეყო ბოლო 10-12 წლის ქრონიკული რეფორმები და რეორგანიზაციები? ვინმემ გაანალიზა, რა სარგებელი ან ზიანი მოიტანა ამ რეფორმებმა? ვინმემ გაანალიზა, რა შედეგს (სარგებელს ან ზიანს) მოიტანს შემოთავაზებული ახალი სააგენტო? არა. ჩვენ რეფორმებს წინ არ ვუმძღვარებთ კვლევებს და პროგნოზებს. არ მინდა დავიჯერო, რომ სპეცსამსახურების შესუსტება, ტერორისტული საფრთხის და რისკების გაზრდა მიზანმიმართულადაა ჩადებული ამ წინადადებებში, რადგან ასეთ რამეს მათ შესახებ ვერ ვიფიქრებ.
ვუბრუნდები მაკლ ფლინის გადაყენების ფაქტს. არის სიტუაციები, როცა სპეცსამსახურები წინააღმდეგობების გარეშე უნდა მოქმედებდნენ. მოსახლეობას მინდა ავუხსნა, რომ უცხო ქვეყანაში სადაზვერვო (შპიონური) საქმიანობა დიპლომატიური მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთულია. როგორ ფიქრობთ, როგორ ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დიპლომატების მოსმენაზე სასამართლოები იძლევიან ნებართვებს? ამაზე ღიად ასეთ თემებზე ვერ დავწერ. არაა მიღებული. დავუშვათ და შევქმენით მოსმენების ცალკე სააგენტო. რითი ვუზრუნველყოფთ, რომ ეს სააგენტო “მონსტრი” არ გახდება და სასამართლოს სანქციების გარეშე არ მოისმენს? გავა წლები და ისევე დავიწყებთ ამ სააგენტოს ლანძღვას, როგორც ახლა სუს-ს ლანძღავთ, მანამდე კი მის წინამორბედებს ამკობდით.
რაც შეეხება ამ სააგენტოს პერსონალით დაკომპლექტებას, კადრების გადინებას, შესაბამისად, ინორმაციების უკანონოდ გაჟონვას და სხვა რისკებს, წინა პუბლიკაციაში დავწერე და აღარ გავიმეორებ. მოკლედ, სრულიად დაუსაბუთებელი და მიუღებელია, მხოლოდ ახირებაა ახალი დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ვრჩები ცალკე საგამოძიებო ბიუროს (სააგენტოს, სამსახურის) შექმნის მომხრე, რომლის შექმნა არაა მარტივი. ასეთი ცვლილების მომზადებას წლები დასჭირდება. უნდა მომზადდეს ძალიან დიდი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, მომზადდეს შენობა, ინფრასტრუქტურა, გაანალიზდეს ყველაფერი და შემდეგ განხორციელდეს ყველა უწყებისაგან (შსს, სუს-ი, თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროები) საგამოძიებო ფუნქციების გამოყოფა და ერთ სტრუქტურაში გაერთიანება. ასეთი ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ ერთ ხელში არ იქნება საგამოძიებო და მოსმენების ფუნქციები. თუმცა, მთელი მსოფლიო ასე მუშაობს და არ ენგრევათ თავზე დემოკრატია.
უკანონო მოსმენების, პირად ცხოვრებაში შეჭრის და ამ მასალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მანკიერი პრაქტიკის შესამცირებლად აუცილებელია პასუხისმგებლობის საგრძნობლად გამკაცრება, როგორც მოპოვებაზე, ასევე დაკვეთასა და გავრცელებაზე. რატომღაც გამკაცრების ინიციატივით არავინ გამოდის“, – წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები