სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიხსნა

ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომას, თანათავმჯდომარეები, თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი უძღვებიან.
თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა და მიესალმნენ ევროპარლამენტის უახლეს ისტორიულ გადაწყვეტილებას, სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე. მათ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მნიშნელოვანი როლი აღნიშნეს ევროინტეგრაციული პროცესების წარმართვასა და ზედამხედველობაში.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს 2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტის მიერ, ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერისთვის.
„ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უახლოეს წარსულში. ძალიან ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც ასოცირების ხელშეკრულების სრულად განხორციელების გზით მიიღწევა. „ჩვენ, როგორც ასოცირების კომიტეტის წევრები, ამ პროცესში ვხედავთ საქართველოს პარლამენტის მნიშვნელოვან როლს ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის კუთხით, რათა დავრწმუნდეთ, რომ დროულად და ეფექტურად ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას სხვადასხვა მიმართულებით: საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით. ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
თავისი გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპული მისწრაფებები.

„ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რადგან კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ ერთი ან ორი პოლიტიკური პარტიის არჩევანი არ არის, არამედ ეს არის ქართული საზოგადოების სურვილი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ. მან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის პროცესზე ისაუბრა. „ჩვენი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია, რადგან ის, რისი მიღწევაც გვინდა, არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. თამარ ხულორდავამ. მან ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ და ჯერ კიდევ განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა და ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სხდომაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, საარჩევნო გარემო, კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობა, სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მედიის თავისუფლება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება.

თამარ ხულორდავამ კომიტეტს ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და პარტნიორებს, სფეროს გაუმჯობესებისთვის, პარლამენტის უმნიშვნელოვანესი ამოცანები გააცნო.
კომიტეტის სხდომაზე, ევროკავშირთან საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის საბოლოო დასრულებამდე დარჩენილი ეტაპების შესახებ მოხსენებით, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი წარსდგა.
სხდომას სიტყვით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ მიმართა, რომელმაც საქართველოს უახლოეს წარსულში განხორცილებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიმოიხილა და დადებითად შეაფასა ხელისუფლების საკონსტიტუციო რეფორმის გეგმა. მან პოზიტიური მოლოდინები გამოთქვა იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და სახელისუფლებო პარტიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში აქვს.
თამარ ხულორდავას თქმით, სხდომაზე სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც ისაუბრეს.

„ამასთან დაკავშირებით შევეხეთ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ამ მხრივ განხორციელდა, თუმცა, აღვნიშნეთ, რომ პროცესი არ არის დასრულებული და უნდა გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემის სრული დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ სრულად ვართ მოწოდებულები და მზად ვართ იმისთვის, რომ ამ პროცესში ვიყოთ აქტიურები“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა პარლამენტის როლზე, როგორც საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით, ასევე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირინა ფრუიძემ, მედიის თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობა მიმოიხილა. მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში პლურალისტურ გარემოს და აღნიშნა, რომ უზრუნველყოფილია სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა და ჟურნალისტების უსაფრთხოება. მისივე თქმით, გამარტივდა ახალი მედია საშუალებების მიერ მაუწყებლობის დაწყების პროცედურები.

სხდომაზე ანგარიში წარადგინა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ. ვიქტორ დოლიძემ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობაზე, ისაუბრა. მიმოიხილა ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტები, ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის მექანიზმები. მან ასევე აღნიშნა, რომ პრინციპი „მეტი მეტისთვის“ გათვალისწინებით საქართველომ უნდა მიიღოს მეტი დახმარების პროგრამები, სააგენტოებთან მეტი თანამშრომლობის პერსპექტივები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ პარტნიორებს თავისუფალი სვაჭრო ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა მისი გამოყენების პერსპექტივები და ეკონომიკის განვითარების გეგმები და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებული მდგომარეობა გააცნო.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების – ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ეს არის პირველი შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრები ევროპარლამენტის წევრებს ასოცირების კომიტეტის ფარგლებში ხვდებიან. ეს არის კომიტეტი, რომელიც საქართველოსა და ევროპარლამენტის მხრიდან ზედამხედველობას უწევს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას საქართველოში“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ, დელეგაციის წევრმა ნინო გოგუაძემ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა მუშაობას ხვალ, 16 თებერვალს დაასრულებს. „იმედი გვაქვს რომ შეხვედრების შემდეგ მივიღებთ ძალიან პოზიტიურ საბოლოო განცხადებას, რომელსაც დელეგაციის წევრები დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები