ირაკლი კობახიძე ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანს შეხვდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მემორანდუმი ხალხთაშორისი ურთიერთობების, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ირაკლი კობახიძემ ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარ მიზანს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანება; ამასთან, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ურთიერთობის გაღრმავება შუა აღმოსავლელ პარტნიორებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და აღნიშნეს, რომ ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება, რასაც ხელი რეგულარულმა ავიამიმოსვლამ შეუწყო, რაც მათივე შეფასებით, მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის საწინდარია.
მხარეებმა გეოპოლიტიკური ვითარებაც მიმოიხილეს. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო საზოგადოებისა და კონსოლიდირებული მოქმედებების მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები