აკაკი ბობოხიძე: ჩავთვალოთ რომ კანიბალი ვიყავი, ახლა ვხედავ, რომ თქვენ იწყებთ კანიბალიზმს და გეუბნებით, რომ ცუდია
“ჩავთვალოთ რომ კანიბალი ვიყავი, ოღონდ ახლა არ ვჭამ ადამიანებს, მოვდივარ და ვხედავ, რომ თქვენ იწყებთ დღეს კანიბალიზმს და გეუბნებით, რომ ცუდია”, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ კოლეგას უმრავლესობიდან მამუკა მდინარაძეს, რომელმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ საპასუხოდ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ამსახველი ტრანსფარანტი გამოფინა.
აკაკი ბობოხიძემ სიტყვით გამოსვლილისას კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ყოფილი ხელისუფლება გარკვეულწილად ცუდად იქცეოდა.
“ბატონი მდინარაძე გულანთებული გამოვიდა და საოცარი არგუმენტი მოგვიტანა, რა ცუდად ვიქცეოდით ჩვენ. ვინ გითხრათ რომ რაღაც ნაწილში ცუდად არ ვიქცეოდით? საუბარი სხვა რამეზეა, თქვენს არც თუ ისე ჯანსაღ ლოგიკაზე, თან ეს ლოგიკა არ ვიცი საიდან მოდის, წარსულში ჩვენი ცუდად მოქცევების გამო ამართლებთ თქვენს დღევანდელ ცუდ ქცევას. კანიბალი ახსენა ბატონმა გაჩეჩილაძემ, ჩავთვალოთ რომ კანიბალი ვიყავი, ოღონდ ახლა არ ვჭამ ადამიანებს, მოვდივარ და ვხედავ, რომ თქვენ იწყებთ დღეს კანიბალიზმს და გეუბნებით, რომ ცუდია. არა, უი რა კარგი გემო ქონიაო თქვენ ლაპარაკობთ და აგრძელებთ ადამიანების ჭამას”, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სასესიო სხდომაზე “ევროპულმა საქართველომ” საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი პლაკატი გამოფინა წარწერით, “არა მედიაზე შტურმს!”. ამის საპასუხოდ კი, მამუკა მდინარაძემ ტრიბუნაზე გამოსვლისას საპასუხო პლაკატი გაშალა, სადაც “იმედში” 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარი მოვლენები იყო ასახული.