“პასუხი ვერ მოვისმინეთ, თუ რა ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გვარამია სასამართლოს ხელმძღვანელ ახვლედიანთან”

„ჯერჯერობით იმ შეკითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინეთ, თუ რა ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბატონი გვარამია სასამართლოს ხელმძღვანელ ახვლედიანთან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფარული მიყურადების კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამასთან, არჩილ თალაკვაძე ინტერესდება, თუ რამდენად იყო პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი საკონსტიტუციო სასამართლო ფარულ მოსმენა-მიყურადების კანონზე გადაწყვეტილების მიღების დროს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში გასაჯაროვდა ისეთი ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ ყოფილი ხელისუფლების კავშირებს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
”რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მე მიჩნდება შეკითხვები, რამდენად იყო ეს გადაწყვეტილება თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციებისგან, რადგან ჩვენ ვხედავთ მოვლენათა ჯაჭვს, სადაც საჯაროვდება ისეთი ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ კავშირებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ჯერჯერობით, იმ შეკითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინეთ, თუ რა ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბატონი გვარამია სასამართლოს ხელმძღვანელ ახვლედიანთან. ჯერჯერობით, პასუხი არ გაუციათ იმ შეკითხვაზე, ბატონ ქათამაძესა და ბატონ ალავიძეს რა კავშირი ჰქონდათ და ვინ უგზავნიდა ყოფილი ხელსუფლებიდან წერილებს, სადაც შეთავაზებებზე, მუქარასა თუ მადლიერებაზე იყო საუბარი. როდესაც არის ეს ვითარება, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, იყო თუ არა საუკეთესო ქვეყნისთვის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. მე ვსვამ ერთადერთ შეკითხვას: რატომ მოხდა იმ პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ზედიზედ, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო წლები იხილავდა ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობის საქმეებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ამჟამად წარდგენილ კანონპროექტს, თალაკვაძის თქმით, აქ სამი მნიშვნელოვანი პრინციპია გამოსაყოფი:
”ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტით უსაფრთხოება მეტად დაცული იქნება. ახალი მოდელი ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. ეს არის მოდელი, რომელიც ქმნის ბალანსს,  რაც ეფექტურად დაიცავს ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ქვეყანაში. სახელმწიფო ინტერესებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რისკები მთელ მსოფლიოში გაზრდილია. ამ პროექტით შემოთავაზებულია სამი მნიშვნელოვანი პრინციპი: 1. ეს არის ხელისუფლების სამივე შტოს კონტროლი – აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება და პარლამენტი, რომელსაც ნდობის ჯგუფის ფარგლებში, შესაძლებლობა ექნება, გააკონტროლოს ფარული საგამოძიებო მოქმედედებები; 2. იყო მოთხოვნა, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია ყოფილიყო გატანილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და დიახ, ახალი მოდელით, ის გამოდის სუს-იდან და გადაეცემა ახალ დამოუკიდებელ სისტემას, რომელსაც შექმნის სახელმწიფო. 3. ასევე, იყო მოთხოვნა, რომ ის ორგანო, რომელსაც გადაეცემოდა ეს ფუნქცია, არ უნდა ჰქონოდა საგამოძიებო ინტერესები და გამოძიების ფუნქცია. ეს მოთხოვნაც არის დაკმაყოფილებული და გადადის ისეთი ორგანოს ხელში, რომელსაც გამოძიება არ ევალება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები