“ეტალონმა” რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩაატარა

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონმა“ რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისის ძიუდოს დარბაზში ეროვნული ინტელექტჩემპიონატი ჩაატარა. შეჯიბრში ბოლნისის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ. დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შემდეგ, გამარჯვებული კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლე ლიკა უგრეხელიძე გახდა.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და გულშემატკივრებს „ეტალონის“ ათწლიანი განვლილი გზა შეახსენა. ინტელექტუალურ ჩემპიონატს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგნელები დაესწრნენ.
ინტელექტშეჯიბრში გამარჯვებული ბოლნისის „ეტალონ მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლიკა უგრეხელიძე გაზაფხულზე ეროვნული ინტელექტჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ეტალონი 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ავლენს „ეტალონ მოსწავლეს“. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
მუნიციპალიტეტის გამგებელის, დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, ბოლნისის “ეტალონ მოსწავლეს” ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება .
,,მთელი გულით ვულოცავ ბოლნისის ,,ეტალონ მოსწავლეს“, ლიკა უგრეხელიძეს გამარჯვებას და ფინალურ ტურში წარმატებებს ვუსურვებ. ჩემი დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ პროექტის მიმართ. მეტად მნიშვნელოვანია, ის ფაქტი რომ არსებობს პროექტი, რომელიც ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას უწყობს ხელს, რაც შესაბამისად, მოსწავლეების მხრიდან სწავლის მიმართ მოტივაციის ხარისხის ზრდას უწყობს ხელს. მიმაჩნია, რომ ,,ეტალონი” არის მომავლის პროექტი, ვინაიდან ინტელექტუალი ახალგაზრდა თაობა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უპირობო გარანტია. სწორედ ამიტომ, დღეს ამ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეს ლიკა უგრეხელიძეს, ჩემი გადაწყვეტილებით, ერთი წლის განმავლობაში, დაენიშნება ყოველთვიური 100-ლარიანი სტიპენდია”, -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები