ბათუმში 18 წლის ახალგაზრდა ქალს ეძებენ

სამართალდამცავები, უკვე მეორე დღეა, ბათუმში 18 წლის ახალგაზრდა ქალს ეძებენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებაში ახალგაზრდა გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ შემოვიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქრისტინა ძნელაძე 8 თებერვალს სახლიდან გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. ძმის, უჩა ძნელაძის ინფორმაციით, ქრისტინა ბოლოს კამერებმა ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს, ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.
„ბათუმში, პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ იგი ტაქსიში ჩაჯდა და ქობულეთის მიმართულებით იმგზავრა. ქობულეთში სადგურში ჩამოვიდა, სადაც ასევე კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. სამართალდამცავები დაკარგულ გოგონას 19:00 საათის შემდეგ ეძებენ.
ქრისტინა გათხოვილია და ერთი წლის ბავშვი ჰყავს. სამძებრო სამუშაოებში მისი ქმარი, ნათესავებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული. ახალგაზრდა ქალს ოჯახში კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ამ წუთებში მამიდა და ბიძაჩემი გამომძიებელთან იმყოფებიან. არ ვიცი, შესაძლებელია, ვიღაცამ გაიტაცა და ველოდებით ზარს. სამართალდამცავები ჯერჯერობით ვერაფერს გვეუბნებიან. გუშინ ჩემი და 15:00 საათზე ქმარმა სახლიდან გამოაცილა, რათა ქალაქში რაღაც შეეძინა. მე პირადად, გონიოში ვცხოვრობ, ჩემი და კი ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში იყო გათხოვილი“, – აცხადებს უჩა ძნელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები