მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და პროკურატურის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პროკურატურასა და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის საკითხი. ასევე, არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. პროკურატურის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
საქართველოს მთავარი პროკურატურა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, რაც გამოიხატება როგორც ინფორმაციის მიწოდებაში, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულებაში. საქართველოს მთავარი პროკურატურა სახალხო დამცველის აპარატს სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ან/და პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეებზე.
2016 წელს, არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მომართვები წინა წელთან შედარებით 27%-ით შემცირებულია. 2016 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განხილულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის 19 რეკომენდაცია/წინადადება, რომლებიც ეხებოდა ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებს. აღნიშნული 19 წინადადებიდან პროკურატურის მიერ შესრულდა 16 წინადადება, ხოლო არ შესრულდა 3, სახალხო დამცველს გაეცა მოტივირებული და დასაბუთებული პასუხები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის ორი წინადადების საფუძველზე, არა მხოლოდ მყისიერად დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე, არამედ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი პირის მიმართ. ამათგან, ერთი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მეორე პირის მიმართ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები