„პატარა გეორგიკას” წარმატება ბერლინში

მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებულმა ბავშვთა შერეულმა ანსამბლმა “პატარა გეორგიკა” გერმანიაში, ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონკურსში “Grand prix of Nations Berlin 2017“, ჟიურის შეფასებით, ფოლკლორის ღია პირველობის კატეგორიაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. ამ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც „კვირას “ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, „პატარა გეორგიკამ“ პროფესიული გუნდების კონკურსში “Grand Prix of Nation” ბრძოლაში ჩართვის უფლებაც მიიღო, სადაც ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, რაც უპრეცედენტო შედეგია, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ „პატარა გეორგიკა“ იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც ასაკით ყველაზე პატარა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული და არ წარმოადგენდა პროფესიულ კოლექტივს ან სპეციალიზებულ მუსიკალურ სკოლას.
კონკურსის წესების თანახმად, გუნდი, რომელიც ოქროს მედლით ხდება თავისი კატეგორიის გამარჯვებული, მას ავტომატურად ენიჭება შემდგომი ხუთი წლის მანძილზე ორგანიზატორის ეგიდით გამართულ ხუთ საერთაშორისო სარეიტინგო კონკურსში წინასწარი შესარჩევი ეტაპების გავლის გარეშე მონაწილეობის უფლება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს ანსამბლს ამ გამარჯვებას.
„პატარა გეორგიკა“ არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებულია.
2015 წელს, გუნდი ქალაქ ლორეტ დე მარში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის – “The Place Of Holiday“ პირველი პრემიის ლაურეატი გახდა.
2013 წელს გუნდი ბულგარეთში, ხელოვნების ახალგაზრდული კონკურსის “MUZITE” მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო 2014 წელს საგუნდო სიმღერის ეროვნულ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა. ამავე წელს „პატარა გეორგიკამ“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები