პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია უპრეცედენტოდ ქმედითია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია უპრეცედენტოდ ქმედითია.
“ცალკე გამოვყოფ  სახელმწიფო საკონსტიტუციო  კომისიას, რომელიც შეიქმნა გასული სესიის განმავლობაში. ჩამოყალიბდა კომისია სწორი ფორმატით და სწორედ ეს სწორი ფორმატი უზრუნველყოფს იმას, რომ ძალიან ქმედითია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, კომისია არის უპრეცედენტოდ ქმედითი. ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ წინა კომისიების მაგალითები, როგორ მუშაობდნენ ისინი, როგორ უჭირდათ თუნდაც კომისიის წევრთა შეკრება, კვორუმთან დაკავშირებით რა პრობლემები იყო და ასე შემდეგ. დღეს ყველა ჩართული სუბიექტი აღიარებს იმას, რომ კომისია არის ძალიან ქმედითი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დღეს არის უპრეცენდენტოდ ქმედითი თავისი ფუნქციების განხორციელებისას. წლის ბოლომდე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დასრულდება ეს პროცესი შესაბამისი შედეგით და წლის ბოლომდე, ჩვენი სურვილია, რომ პარლამენტმა დაასრულოს მუშაობა საკონსტიტუციო რეფორმაზე. წლის ბოლომდე არის შესაძლებელი შესაბამისი დოკუმენტის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ”, – განაცხადა კობახიძემ საგაზაფხულო სესიის გახსნისას.

კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანო არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.

“აღვნიშნავ, რომ პარლამენტი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საკომიტეტო დონეზე ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა იმ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო უფლებამოსილებების განხორციელებასთან, მათ შორის, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი კანონშემოქმედებით პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა ჩვენ ძალიან გვეხმარება იმაში, რომ განვახორციელოთ ე.წ. ღია პარლამენტის კონცეფცია. კონცეფციის განხორციელება დაიწყო წინა მოწვევის პარლამენტის განმავლობაში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საკონსტიტუციო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილია 23 წევრით, საპარლამენტო უმცირესობა – 8 წევრით, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” – ორი წევრით. ასევე, კომისიის შემადგენლობაში არიან ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები