კონგრესმენებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი დადებითად შეაფასეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები დაიწყო.
გუშინ, 6 თებერვალს, შეხვედრები შედგა წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, რესპუბლიკელ კონგრესმენ ტედ პოსთან და თანათავმჯდომარესთან, დემოკრატ კონგრესმენთან, ჯერი კონოლისთან. შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა კონგრესმენს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმებისა და ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. საქართველოს დელეგაციამ მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს საქართველოს მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის.
კონგრესმენმა პომ ქართულ მხარეს აცნობა, რომ მისი და კონგრესმენ კონოლის თავმჯდომარეობით, აშშ-ის 115-ე მოწვევის ახალ კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს მეგობართა ჯგუფი, რომელიც კვლავაც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია 2016 წლის სექტემბერში, დიდი უმრავლესობით მიიღო.
კონგრესმენებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ქართულ მხარეს აშშ-ის კონგრესის მხრიდან ურყევი მხარდაჭერა აღუთქვეს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, აშშ-ში სამუშაო ვიზიტით, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – თამარ ხულორდავა იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები