ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დიზაინის განყოფილების, მეყვავილეობის სექტორის კურატორის, ლიანა გვენცაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ბოტანიკური ბაღის ინფორმაციაშია აღნიშნული, ლიანა გვენცაძემ საქმიანობა 1958 წელს, მუშის პოზიციიდან დაიწყო და მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დიზაინის განყოფილების, მეყვავილეობის სექტორის კურატორად დაასრულა. იგი უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეყვავილეობის სექტორის გამგის მოვალეობის შემსრულებელი, მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დიზაინის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი იყო.
„საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მისი ღვაწლმოსილი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომისა და მუშაობის შედეგია. ეს არის ძალიან ბევრი ერთგული, პროფესიონალი ადამიანის ერთობა, რომლებიც ენერგიასა და შესაძლებლობებს არ იშურებენ, რათა ბაღმა მისი ღირსეული წარსულის შენარჩუნებით, შექმნას უკეთესი მომავალი. ამ რთულ საპასუხისმგებლო გზას გავდივართ იმ პროფესიონალებთან ერთად, რომელთათვისაც ბაღის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი.
დღეს ბოტანიკური ბაღის გუნდს სწორედ ასეთი ღვაწლმოსილი წევრი, ნამდვილი მეგობარი, ქალბატონი ლიანა გვენცაძე გამოაკლდა. ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ტრაგედია. მოულოდნელი იმიტომ, რომ წინა დღით, როგორც ყოველთვის, ვხედავდით თავის საკოლექციო ნაკვეთში მოფუსფუსეს. ვხედავდით, თუ როგორ სახავდა გეგმებს გაზაფხულის დადგომისთვის და როგორი რუდუნებით ამზადებდა მცენარეებს გამოსაზამთრებლად, რათა კიდევ უფრო დაემშვენებინა ჩვენი ბაღი.
საკმაოდ დიდი და ნაყოფიერი გზა განვლო ქალბატონმა ლიამ. საქმიანობა 1958 წელს, მუშის პოზიციიდან დაიწყო და მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დიზაინის განყოფილების, მეყვავილეობის სექტორის კურატორად დაასრულა. უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეყვავილეობის სექტორის გამგის მოვალეობის შემსრულებელი, მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დიზაინის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი – ამ მშრალი ჩამონათვალის უკან კი უძილო ღამეები, ბევრი ტკივილი და გამარჯვებებით გამოწვეული სიხარული იმალება, 90-იანი წლების ტრაგიკული მოვლენების შედეგ, თითქმის განადგურებული ბაღის აღდგენა, მუხლჩაუხრელი შრომა, შრომა და თავისი საქმის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დიდი სიყვარული დგას.

ქალბატონი ლიას მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მისი ოჯახისთვის, თანამშრომლებისთვის, ყოფილი სტუდენტებისთვის და ცხადია, მეგობრებისთვის. იმ ხალხისთვის, ვისთან ერთადაც საკუთარი ხელით ქმნიდა ჩვენი ბაღის დიდი ისტორიის მცირე მონაკვეთს. დღეს ქალბატონი ლიაც ისტორიის კუთვნილებაა“,-წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები