საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის პაკეტის განხილვა გაზაფხულზე იგეგმება

“საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ადმინისტრირება შესაძლოა, გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია.
“ვგეგმავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, რეფორმის პაკეტი საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განვიხილოთ და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ. საუბარია, მინიმუმ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე: ადმინისტრირება შესაძლოა, გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა). მოხდება მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში, რაც მართვის მოწმობას გახდის უფრო საიმედოს და მძღოლების საწყის კვალიფიკაციას უფრო მაღალს”, – განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ამასთან, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა მძღოლების, მგზავრების და ქვეითების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება საგზაო მოძრაობის შესახებ.
“საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, ღვედის გამოყენება, საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობის აკრძალვა თუ გადასასვლელებზე გზის დათმობა – ეს ელემენტარული წესები ხშირად, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ტოლფასია და ამის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს იქნება კარგად დაგეგმილი და წარმატებული რეფორმა, რომელიც პარლამენტის, მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება და უკვე 1 წელიწადში მოგვცემს შედეგებს, გადაარჩენს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, დაიცავს ბევრის ჯანმრთელობას და საქართველოში მოძრაობას გახდის უფრო უსაფრთხოს. ბუნებრივია, ქალაქის მერიის გეგმები საზოგადოებრივი ტრანსპორტის და პარკირების განვითარებაზე ამ ყველაფერს შეეხიდება და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის რეფორმის შედეგებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები