საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მართვის მოწმობის ახალ სისტემას დადებითად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის დანერგვით ის მძღოლებიც, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ.
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, შესაძლოა, დაინერგოს ქულების სისტემა, რომლის საშუალებითაც, წლის განმავლობაში, ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, იმავდროულად, ქულებსაც დაკარგავს და პირობითად, 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება ან შეწყვეტა და გამოცდის თავიდან ჩაბარება.
ამასთან, მისი თქმით, განიხილება უკონტაქტო პატრულირების დანერგვა, რაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მოდელია და სამოქალაქო მანქანებით, რომელთაც სპეციალური ნიშანი აქვს მხოლოდ უკანა მხარეს და რომელსაც ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მართავს.
“ეს სისტემა საგზაო უსაფრთხოებას და ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს მაშინაც კი, როცა დამრღვევ მძღოლს ჰგონია, რომ საპატრულო ეკიპაჟი ახლო-მახლო არ არის. შესაძლოა, მოხდეს სიჩქარის მოძრავი დეტექტორების გამოყენება – დღეს ასეთი დეტექტორები მხოლოდ სტაციონარულად, ბოძებზე არის დამაგრებული და დამრღვევი მძღოლები ხშირად სიჩქარეს ანელებენ ბოძთან გავლისას. მომავალში, შესაძლოა, გადასატანი დეტექტორები იქნას გამოყენებული, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული. ქალაქები და გზები უნდა დაიფაროს ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამარებით, რომელთა მონტაჟიც უკვე დაწყებულია. ეს ვიდეოკამერები რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლახან შექმნა რეფორმის ფარგლებში. ამ სისტემას ექნება საგრძნობი პრევენციული ეფექტი“,-აღნიშნა მან.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები