„წიგნების თარო“ საჯარო ლექციების ციკლს იწყებს

21 იანვრიდან „წიგნების თარო“ ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს საჯარო ლექციების ციკლს, რომელიც სამ ლექციას გააერთიანებს: წიგნი და მკითხველი;  წიგნი და მწერალი; წიგნი და მომავლის სამყაროები.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციებს გაუძღვებიან: გადაცემის წამყვანი და სცენარისტი, ქართველი მწერალი, დრამატურგი და მსახიობი – ალექსანდრე ლორთქიფანიძე და გადაცემის სცენარისტი, მწერალი, მუსიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი – ტორეზა მოსი.
ლექციების შემდეგ გაიმართება „წიგნების თაროს“ ჩვენება. ლექციებზე გამოყენებული იქნება როგორც ვიზუალური და გრაფიკული მასალა, ასევე ინტერაქციული სავარჯიშოები და თამაშები.
პირველ ლექციაზე – „წიგნი და მკითხველი“, რომელიც 21 იანვარს, 14:30 საათზე გაიმართება,  განხილული იქნება შემდეგი თემები:
• რა არის წიგნი (ისტორია, განვითარება, მნიშვნელობა დღეს და თანამედროვე გამოწვევები);
• როგორ ავარჩიოთ წასაკითხი წიგნი? (რესურსები, წამკითხველები, ავტორიტეტები);
• წიგნი და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპები;
• მკითხველი საქართველოში.

მეორე ლექცია – „წიგნი და მწერალი“ 28 იანვარს, 14:30 საათზე გაიმართება. იგი მოიცავს თემებს:
• ამბავი – რა არის დრამატურგია;
• რატომ არის მნიშვნელოვანი კარგად თხრობა (სოციალური მედია, ბლოგინგი, თვითმარკეტინგი და ა.შ.);
• ინსპირაციის წყაროები – მზა სიუჟეტები, მზა პერსონაჟები;
• როგორ არ უნდა მოვყვეთ ამბავი (თამაში);
• იდეები, მსოფლმხედველობა, წიგნების მიერ გამოწვეული ცვლილებები (მწერალი, როგორც პროგრესორი);
• ტექნიკური რჩევები – როგორ გამოვცეთ წიგნი.

მესამე ლექცია – „წიგნი და მომავლის სამყაროები“ (04. თებერვალი. 14:30 საათი)  განიხილავს შემდეგ თემებს:
• სამეცნიერო ფანტასტიკა, დისტოპია, ფენტეზი – მაგალითები, რატომაა დღეს ასე აქტუალური ფანტასტიკა;
• ინფორმაციის ღირებულება – ბიტკოინები, მომავლის შესაძლებლობები;
• მომავლის პროფესიები – რობოტიკა;
• ვიდეოთამაშები – ლიტერატურის ახალი ფორმა;
• ხელოვნური ინტელექტი – კიბერ გალაკტიონი, პუშკინი;
• ინტერაქტიული ექსპერიმენტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები