ზურაბ ჟვანიას, შესაძლოა, განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდეს – რას აცხადებს ქალაქის ყოფილი პროკურორი

“ზურაბ ჟვანიას ცხედარს, შესაძლოა, განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდეს“, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში ზურაბ ჟვანიას ძმის გოგლა ჟვანიას დაბარებაც სწორედ აღნიშნულ საკითხს უკავშირდებოდა, თუმცა გამოცემასთან საუბრისას თავად გოგლა ჟვანიამ დეტალური ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
„პროკურატურაში რეგულარულად დავდივარ. ამ ეტაპზე არ ვაპირებ გამოძიების დეტალებზე საუბარს. თუ დადგება ექსჰუმაციის საჭიროება, აუცილებლად ჩატარდება“,-განაცხადა გოგლა ჟვანიამ. „პრაიმტაიმი“ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ცხედრის ექსჰუმაცია თავის დროზე ქალაქის ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა დაგეგმა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა. კერძოდ, მოძიებულია ის ლაბორატორია და ექსპერტები, რომლებიც ექსპერტიზას ჩაატარებენ. მაშინდელი მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, არჩევანი შვეიცარიულ ლაბორატორიაზე შეჩერდა, სადაც ტუტანჰამონის ნეშტი გამოიკვლიეს. როგორც გაზეთი წერს, აღნიშნულ ლაბორატორიასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს მაია მწარიაშვილი ხელმძღვანელობდა. თუმცა ეს მოლაპარაკებები გარკვეული მიზეზით ჩაიშალა. მეტიც, გაუქმდა შეხვედრა, რომელიც შვეიცარიაში უნდა გამართულიყო. გაზეთი „პრაიმტაიმი“ თბილისის მაშინდელ პროკურორს დაუკავშირდა, რომელმაც საქმეზე საუბრისგან თავი შეიკავა. „ძალიან არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან იმის თქმა, აქვს თუ არა ამ საქმეს პერსოპექტივა. გადაჭრით ამას ვერ გეტყვით. ექსჰუმაციას პროცედურები არ სჭირდება. ან ტარდება ან არა. არც ჩემი პროკურორობის დროს ჩატარებულა და არც ახლა. ვმუშაობდით და უამრავი საგამოძიებო მოქმედება ტარდებოდა. ამდენი წლის საქმეა და არ არის მარტივი, ძალიან ბევრი სამუშაოა. ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ექსჰუმაციის ჩატარება აუცილებელია. ასე ცალსახა პასუხი არც მაშინ გვქონდა. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ის გამოძიებაშია. რთული საქმეა და მნიშვნელოვანი. ჩვენ მაშინ ბევრ ლაბორატორიულ კვლევებზე ვსაუბრობდით და  ვფიქრობდით. ამ საქმეზე ზედმხედველი ვიყავი 2013-ში, ახლა არის 2017“,-განუცხადა „პრაიმტაიმს“ იმჟამინდელმა ქალაქის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები