რატომ დაჭრეს მინდია გოგოჭური – “დადის და ამბობს ორი „ტრუპი“ მყავსო”

“რატომ დაჭრეს მინდია გოგოჭური“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და მისი მეგობრის მიხეილ თათრიშვილის დაჭრის ფაქტი შურისძიებას უკავშირდება. როგორც გამოცემა წერს, დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში თავად გამოცხადდნენ.
არსებული ინფორმაციით, გოგოჭურს ჭრილობა ფეხის არეში, თათრიშვილს კი გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. როგორც „პრაიმტაიმის“ დღევანდელ ნომერში წერია, ბოლოს გოგოჭური და თათრიშვილი კიდევ ერთ მეგობართან თორნიკე კაჭარავასთან ერთად პროკურატურაში დაკითხვაზეც იმყოფებოდნენ. ეს მაშინ, როდესაც მათი ბინების ჩხრეკა პრეზიდენტმა პირადად მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლად მონათლა. გამოძიება კი გოგოჭურის, თათრიშვილისა და კაჭარავას ბინაში იარაღს ეძებდა. როგორც „პრაიმტაიმს“ 2011 წელს რუსთაველის გამზირზე მოკლული ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კალატოზიშვილი უყვება, ჩხრეკის წინა დღეს მინდია გოგოჭურმა ახალგაზრდა მამაკაცი, ბაჩო სირაძე დაჭრა, მაგრამ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ საქმე ჩაიფარცხა. კალატოზიშვილის ინფორმაციით, ეს სირაძის დაჭრის მეორე შემთხვევა იყო.

თამილა კალატოზიშვილი მინდია გოგოჭურსა და მის მეგობრებს, მათ შორის თორნიკე კაჭარავას, შვილის, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. კაჭარავა ტარყაშვილის საქმეზე გაასამართლეს კიდეც, თუმცა უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
გარდაცვლილის დედა ამტკიცებს, რომ ზურაბ ტარყაშვილს პირველი და სასიკვდილო ტყვია სწორედ პრეზიდენტის ამჟამინდელმა სიძემ ესროლა. რაც შეეხება მიმდინარე წლის დაჭრის ფაქტს, კოჭლამაზაშვილი გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ გოგოჭურს ძალიან ბევრი მტერი ჰყავს და თავადაც არ იცის რა დროს ვინ ესროდა. „ამ ადამიანს თვითონ იმდენი ჰყავს დაჭრილი, რომ სათვალავი აგერევათ. მის სახლში ჩხრეკა რომ ჩატარდა, ზეწოლა კი არ ხდებოდა, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზუსტად წინა დღეს გოგოჭურმა დაჭრა ახალგაზრდა ბიჭი გვარად სირაძე. თვითონ ესროლა თავის ეზოში. ეს არის პიროვნება, რომელსაც რაღაც რომ არ მოეწონება, არავის ინდობს, პირდაპირ ესვრის. დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ეპატიება. დადის ქუჩა-ქუჩა და ამბობს ორი „ტრუპი“ მყავსო. ალბათ, ერთს ჩემს შვილს გულისხმობს, მეორე ვინაა არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ბოლოს მომხდარი დაჭრა შურისძიებას უკავშირდება. თვითონვე ამბობენ, იარაღის გარეშე გარეთ ვერც გამოვდივართო. ვიღაც ალბათ გაამწარა და ესროლა“,-აცხადებს თამილა კალატოზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები