გივი თარგამაძე: არ მაინტერესებს გაბოროტებულთა კომენტარები, დღევანდელი მიშასიც

„დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე. არ მაინტერესებს გაბოროტებულთა კომენტარები, დღევანდელი მიშასიც“ – ამის შესახებ ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის მომხრე გივი თარგამაძე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს.
როგორც გივი თარგამაძე აღნიშნავს, მისთვის ქართულ პოლიტიკაში 28-წლიანი საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა.
„ქართულ პოლიტიკაში ჩემი 28-წლიანი მონაწილეობის ერთი, უდავოდ ყველაზე წარმატებული, საინტერესო ეტაპი დასრულდა. ყველაფერი არც ამით დაწყებულა და არც ამით დამთავრდება. მიშა მისი ჩამოსვლისთანავე გავიცანი, სულ სხვა მიშა. მასთან ერთად ბევრი რამ გავაკეთე. დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე. რეალობა წარმოდგენაზე ბევრად დაუნდობელი გამოდგა. გუნდი, რომელთან ერთადაც ვარ პოლიტიკაში 25 წელიწადია, არ მიმიტოვებია და არც მივატოვებ, ვინაიდან ჩვენთან პრინციპებსაც ვცემთ პატივს, თავისუფალ აზრსაც და ერთმანეთსაც. დღევანდელი დღე სევდისმომგვრელიცაა და სასიამოვნოდ ამაღელვებელიც. სიახლე ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენი გუნდი საზოგადოებას იმედს არ გაუმტყუნებს. არ მაინტერესებს გაბოროტებულთა კომენტარები, დღევანდელი მიშასიც. მაინტერესებს მომავალი და მუხლჩაუხრელი შრომა ამ მომავლისთვის. უკანდახევა არ გვჩვევია. მჯერა, ყველაფერი იქნება კარგად“, – წერს გივი თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები