მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა – ეს არის ჩვენი საზრუნავი
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგანაც პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ 84 ჰექტარზე განთავსებულ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს და ერთ ხელოვნურ კუნძულს, რომლის ნახევარიც რეკრეაციული ზონა იქნება,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.
პირველი ცათამბჯენის ინვესტიცია 200 მლნ აშშ დოლარი იქნება.
„დღეს გვაქვს პატივი, საფუძველი ჩავუყაროთ პირველ ცათამბჯენს ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც ახალი ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება. ტრადიციულად შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმ სიკეთეებზე, თუ რა მოაქვს 200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარის რეგიონისთვის. შეიქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილი, ასევე უნიკალური არქიტექტურა და ახალი მიზიდულობის ცენტრი. თუმცა, ყოველივე ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რადგან კომპანია, თავის მხრივ, ხშირად საუბრობს ამ პროექტის ღირებულებებზე, ისევე როგორც სიკეთეებზე”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ქვეყნის მიმზიდველობა განაპირობებს მსგავს პროექტებს, მსგავსი პროექტების განვითარება კი ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას. სწორედ ესაა თანამშრომლობის ფორმულა, რომელიც მშვიდობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, როცა ყველა მოგებულია და შეთანხმება ყველასთვის ხელსაყრელია. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხედვა. ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა, – ეს არის ჩვენი საზრუნავი, რომელიც ყოველთვის გვახსოვს და რაც არის ჩვენი მთავრობის მთავარი განმსაზღვრელი: ზრუნვა ჩვენს ხალხზე, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე და ზრუნვა ჩვენს ხვალინდელ დღეზე “, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე, რომლის 49% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, ასევე იგეგმება პირველი საერთაშორისო სტანდარტის იახტკლუბის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობა.