ნორვეგია მთლიანად ციფრულ რადიომაუწყებლობაზე გადადის
ნორვეგია ციფრულ რადიომაუწყებლობაზე გადადის. ნურლანის პროვინცია ნორვეგიაში და მთელ მსოფლიოში პირველი რეგიონია, სადაც ტრადიციული FM რადიომაუწყებლობა მთლიანად გაითიშა.
„უმსხვილესმა რადიოარხებმა NRK — P4 და Radio Norge-მ ტრადიციულ FM დიაპაზონში მაუწყებლობა შეწყვიტა“, – წერს რეგიონის გაზეთი Avisa Nordland.
ეს მოვლენა ნორვეგიის ხელისუფლების და რადიოს წარმომადგენლებმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.
ციფრულ რადიომაუწყებლობაზე გადასვლის გადაწყვეტილება ნორვეგიის მთავრობამ და პარლამენტმა 2015 წლის გაზაფხულზე მიიღო. ამ გეგმის მიხედვით, ციფრულ რადიომაუწყებლობაზე გადასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ეს პროცესი 2017 ლის დეკემბერში დასრულდეს.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ნორვეგიაში რადიოსადგურების მოსმენა მხოლოდ ინტერნეტით ან Digital Audio Broadcasting-ის სისტემის რადიომიმღებების საშუალებით იქნება შესაძლებელი. 2022 წლისთვის ნორვეგიაში ანალოგურ (FM დიაპაზონის) მაუწყებლობას მხოლოდ რამდენიმე ლოკალური რადიოსადგური შეინარჩუნებს.