„ძველი აღთქმის მინიატიურები ქართულ ხელნაწერებში“ – ალბომის წარდგინება გაიმართება

12 იანვარს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება ალბომის – „ძველი აღთქმის მინიატიურები ქართულ ხელნაწერებში“ წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოცემაში თავმოყრილია ძველი აღთქმის 252 მინიატიურა, რომლებითაც შემკულია XI-XVIII სს-ში შექმნილი 17 ქართული ხელნაწერი წიგნი. უდიდესი ნაწილი ძველი აღთქმის მინიატიურებისა XI-XVIII სს-ით დათარიღებული ფსალმუნების ილუსტრაციას ემსახურება. მასალა დალაგებულია თემატურად, ხოლო თითოეული თემის ფარგლებში – ბიბლიური ისტორიის ქრონოლოგიის გათვალისწინებით. ერთი და იგივე თემატური სიუჟეტი წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ხელნაწერების საფუძველზე. ასე თავმოყრილი მინიატიურები კი საშუალებას გვაძლევს ნათლად წარმოვიდგინოთ ქართული ხელნაწერი წიგნის მხატვრულ-დეკორატიული სისტემის, სიუჟეტებისა და გრაფიკული ფორმების განვითარების პროცესი.
ალბომში წარმოდგენილია არა მხოლოდ სიუჟეტური კომპოზიციები, არამედ XII ს-ის მდიდრულად ილუსტრირებული ოთხთავების მოხატულობაში არსებული ძველი აღთქმის სიმბოლოებიც.
გამოცემაში სრულად არის თავმოყრილი და ქრონოლოგიური თვალსაზრისით განთავსებული კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ძველი აღთქმის სიუჟეტებისა თუ სახე-სიმბოლოების XI-XVIII სს-ში შექმნილი ყველა გამოსახულება.
ალბომი დიდ დახმარებას გაუწევს ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებულ პროფესიონალებსა და ფართო საზოგადოებას, საფუძვლიანად გაეცნონ ბიბლიური თემატიკის ქართული ხელნაწერი წიგნების შექმისა და მხატვრული გაფორმების პრინციპებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები