“თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება” – მეუფე შიო
“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას.
დღეს წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი, რომელიც გვასწავლის, როგორი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს იმისთვის, რომ ღვთისთვის მოსაწონი იყოს მისი ლოცვა, რათა ღმერთმა შეისმინოს ადამიანის ლოცვა და თხოვნა შეუსრულოს”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას იქადაგა.
“მოგეხსენებათ, იმჟამად მთელი პალესტინა დაპყრობილი იყო რომაელების მიერ და ყველა ქალაქში იდგა მათი საჯარისო დანაყოფი. და აი, კაპერნაუმში, რადგან პატარა ქალაქი იყო, მხოლოდ ასეული იდგა. პალესტინაში უკვე ცნობილი იყო იესო ქრისტეს სასწაულთმოქმედი ძალის შესახებ, რომლითაც იგი მრავალ ადამიანს ეხმარებოდა, სიკეთეს უკეთებდა. ამიტომ ასისთავი მიდის მასთან და სთხოვს თავისი მსახურის განკურნებას. უფალმა უპასუხა: „მე მოვალ შენთან და მას განვკურნავ“ (მთ. 8, 7). ნახეთ, რა საოცარი ადამიანი აღმოჩნდა ეს ასისთავი, რამაც განაპირობა მაცხოვრის ასეთი პასუხი და ის, რაც შემდგომ აღასრულა. ასისთავი გააოცა მაცხოვრის სიტყვებმა და უთხრა: „უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემთან სახლში მოხვიდე, შენ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვი და ჩემი მსახური განიკურნება“ (მთ. 8, 8 ). უფალი ასეც მოიქცა და ეს მსახური მაშინვე განიკურნა. შემდეგ მან უთხრა იმათ, ვინც მიჰყვებოდა, ვინც მას ახლდა: „ისრაელშიც კი ვერ ვნახე ასეთი რწმენა” (მთ. 8, 10), როგორიც აქვს ამ წარმართს და უცხოტომელს“. ეს იყო რწმენა, სავსე სიმდაბლით, დიდი მოკრძალებით, რამაც თვით უფალი იესო ქრისტეც გააკვირვა.
რა გაკვეთილი გამოგვაქვს ჩვენ? რას ვსწავლობთ ამ ეპიზოდიდან? რა თვისებები გამოავლინა ამ ასისთავმა, რომ ასეთი დიდი მადლი მიიღო და ასეთი სასწაული აღუსრულა უფალმა? – ეს იყო მტკიცე რწმენა, დიდი სიმდაბლე, ღვთის წინაშე საკუთარი უღირსების შეგრძნება და სიყვარული, რომელიც მან გამოავლინა თავისი მსახურისადმი. ეს სწორედ ის თვისებებია, რაც საწინდარია იმისი, რომ უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები, მოგვცეს მადლი და თხოვნა შეგვისრულოს.
ერთხელ უფალ იესო ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან გამოცდილი მეთევზეები იყვნენ, მთელი ღამე თევზაობდნენ გენესარეთის ტბაში, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. მაშინ მაცხოვარმა უთხრა პეტრეს, სიმონს, უფრო სწორად, შემდგომ პეტრედ წოდებულს: „შეცურდი უფრო ღრმად და მოისროლე ბადე“ (ლკ. 5, 4), პეტრემ მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვით მოვისვრი ბადეს“ (ლკ. 5, 5). მართლაც, მოშორდა ნაპირს ნავით, მოისროლეს ბადე მან და სხვებმა და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეხეოდათ და ორი ნავი გაავსეს. მაშინ პეტრე მივიდა უფალთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რამეთუ მე კაცი ცოდვილი ვარ“ (ლკ. 5, 8 ).
როგორ ჰგავს პეტრეს ეს სიტყვები იმას, რაც თქვა ასისთავმა. ორივემ ეს სიტყვები წარმოთქვა დიდი სიმდაბლით, დიდი რწმენით, მოკრძალებით. ეს ის თვისებებია, რომლებიც წარმოშობენ ამ განსაკუთრებულ რწმენას.
დავფიქრდეთ, ძმებო და დებო, გვაქვს ჩვენ ასეთი რწმენა, როგორც ჰქონდათ ასისთავს და პეტრე მოციქულს, რომელიც მომდინარეობს ასეთი სიმდაბლიდან და მოწიწებიდან? თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება.
მინდა, დღეს შეგახსენოთ საოცარი რწმენის კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც გვაძლევს ბიბლია, ძველი აღთქმა, კერძოდ, მრავალვნებული იობის წიგნი, რომელიც გვასწავლის, რომ ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე რწმენით ვიღებდეთ. როდესაც გვწამს, რომ ყველა განსაცდელს თუ მწუხარებას, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში ხვდება, აქვს თავისი დაფარულ აზრი და მნიშვნელობა.
ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ასეთი რწმენა, ასეთი სიმდაბლე, ასეთი მოკრძალება, რაც გადაგვარჩენს, ფერს უცვლის ჩვენს ცხოვრებას და შეგვიყვანს ღვთის სასუფეველში, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ”, – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.