სილვიო ბერლუსკონის შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს
იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოწმეების მოსყიდვაში ადანაშაულებენ. მილანის პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება ბერლუსკონის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეს, რომლის თანახმადაც 77 წლის პოლიტიკოსს არასრულწლოვან სექს-მუშაკებთან კავშირში სდებენ ბრალს. ახალი ბრალდების თანახმად კი, ბერლუსკონი და მისი ადვოკატები რამდენჯერმე შეხვდნენ მოწმეებს და მათი ჩვენებები წინასწარ განიხილეს. ამ საქმეზე ეჭვმიტანილია 45 პირი, მათ შორის სილვიო ბერლუსკონის ორი ადვოკატი და გოგონები, რომლებიც იტალიის ექსპრემიერის მილანის ვილაზე 2011 წელს გამართულ წვეულებებს ესწრებოდნენ. თავად ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა განცხადება. რომელშიც ახალ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. გასულ წელს ბერლუსკონი, გასამრჯელოს გადახდის სანაცვლოდ, არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარებაში დამნაშავედ ცნეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს. ექსპრემიერის ადვოკატებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და საქმის განხილვა ჯერჯერობით გრძელდება.