ყირიმი უკრაინის შემადგენლობიდან გამოდის

  ყირიმის უკრაინის შემადგენლობიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას 81 დეპუტატიდან 78- მა მხარი დაუჭირა. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის განცხადებით, საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ყირიმის უკრაინიდან გამოყოფის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ოპოზიციის მიერ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა გახდა. „სახელისუფლებო ამბიციის და ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად პროვოკატორი კლიჩკო, იაცენიუკი და ტიაგნიბოკი ძალიან მაღალ ფასს იხდიან. ისინი ხალხის ნაწილის სურვილს და მისწრაფებას ამოფარებულები არღვევენ ყველა არსებულ ჩარჩოს და სისხლისღვრის პროვოცირებას ახდენენ“, – აღნიშნულია ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში. ყირიმელი დეპუტატების განცხადებით, კიევის ცენტრი ექსტრემისტებმა დაიკავეს, რომელთა გამოც უკვე ბევრი სისხლი დაიღვარა. მათი თქმით, ყველა გარდაცვლილ ადამიანზე პასუხიმგებლობა მთლიანად აქციის ორგანიზატორ ოპოზიციონერებს ეკისრებათ. პარლამენტის დეპუტატები შიშობენ, რომ უკრაინის შემადგენლობაში დარჩენის შემთხვევაში „მაიდნელები“ შეეცდებიან მათზე ზეწოლას და მათგან რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას და დაპირისპირებას მოითხოვენ. „სრულიად მოსალოდნელია, ჩვენ გვაიძულონ, დავივიწყოთ რუსეთთან თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია, გვაიძულონ, დავივიწყოთ რუსული ენა და ნაცისტური იდეების ქადაგებით დაგვავიწყონ ჩვენი მამებისა და ბაბუების გმირობა ფაშიზმის წინააღმდეგ. ჩვენ არ გადავცემთ ყირიმს ექსტრემისტებს და ნეონაცისტებს. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას არალეგიტიმურ არჩევნებში, არ ვაღიარებთ მის შედეგებს და არ ვიცხოვრებთ „ბანდიტურ“ უკრაინაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები