ვლადიმერ ჩაჩიბაია: სამხედრო პოლიციის ბატალიონებს სამხედრო ფუნქციები უძლიერდებათ

ნატოს სტანდარტები და ბიუჯეტის ეფექტური გადანაწილება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებებია – ეს განცხადება გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას გააკეთა.
გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედრები სენაკში, II მსუბუქ ქვეით ბრიგადასა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში, ასევე ხონში, II საარტილერიო ბრიგადაში გამართა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბრიგადის გენერალმა სამხედროებთან საუბრისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის ფარგლებში ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მტკივნეული პროცესის მიუხედავად, ოპტიმიზაციის უმთავრეს მიზანს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს. გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო პოლიციის დასავლეთ და აღმოსავლეთ ბატალიონებში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონებს უძლიერდებათ სამხედრო ფუნქციები და მათი დანიშნულება მხოლოდ პატრულირების განხორციელებითა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებით არ შემოიფარგლება.

გენერლის თქმით, მათ მოვალეობებს მობილურობის მხარდაჭერის რეკოგნოსირების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ლტოლვილთა ნაკადისა და ტყვეთა დაცვის კონტროლის ფუნქციები დაემატება, რაც თავისთავად სამხედრო ელემენტებს მოითხოვს. რეფორმების შედეგად შემცირდება სახელფასო და ადმინისტრაციული ფონდი, გამოთავისუფლებული სახსრები კი სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება. თავის მხრივ, დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელობამ გენერალ ჩაჩიბაიას სამხედრო ნაწილებში არსებული ვითარება დეტალურად გააცნეს და თავდაცვის უწყებაში დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები