გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის უცნობია, რომელ საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
„როცა დამიბარეს, მოვედი. არ ვიცი არაფერი. ეტყობა, რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა საქმეა, ჩვენება არ მიმიცია არასდროს. პირველად ვარ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმ პირთა ვინაობაც დაასახელა, რომელთა სახლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის სახლების პარალელურად გაიჩხრიკა.