პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტმა და პრემიერმა ერთობლივი საახალწლო მიღება გამართეს

საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით პრეზიდენტის სასახლეში ერთობლივი საახალწლო მიღება გაიმართა.
პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა მეუღლეებთან ერთად საქართველოს პატრიარქს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უმასპინძლეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მიმართა, განვლილი წელი შეაჯამა და დამდეგი 2017 წელი მიულოცა.
„დღეს მე მინდა ვისაუბრო იმ მიღწევებზე და იმ გამოწვევებზე, რაც გვაერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში განსხვავებული ხედვებია ქართულ საზოგადოებაში და სწორედ ეს არის დემოკრატია.
ჩვენი საზოგადოება სწორედ იმით არის ძლიერი, რომ ძალიან ბევრი საკითხი აერთიანებს. აერთიანებს, როგორც თვითონ ქართულ საზოგადოებას, ასევე ჩვენს მეგობრებს დიპლომატიური კორპუსიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ წელს ჩვენმა ქვეყანამ ჩააბარა მნიშვნელოვანი გამოცდა. ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩავატარეთ და ნათლად ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორც ქართულს, ასევე საერთაშორისოს, რომ დემოკრატიული ცოხვრების წესი, პოლიტიკური ცხოვრების წესი ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა და მას მხოლოდ გაღრმავება და განმტკიცება სჭირდება.
მე მინდა აგრეთვე ვისაუბრო, იმ სირთულეების შესახებ, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი სახლემწიფო და საზოგადოება. ნამდვილად, ჩვენ გვჭირდება ინტენსიური მუშაობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით და ამ თვალსაზრისითაც მე ვერ ვხედავ განსხვავებას ჩვენს შორის იმიტომ, რომ მთელი ქართული საზოგადოება, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია იგივე ღირებულებას ხედავს – ქვეყანას მეტი ეკონომიკური სტაბილიზიაცია სჭირდება.
მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გამოწვევებს, რაც გვქონდა საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით და აქაც, როგორც ქართული საზოგადოება, ასევე ჩვენი პარტნიორები და მეგობრები ვართ ერთიანი. 2016 წელსაც საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ოკუპირებულია და ამავე დროს რჩება ქვეყნად, რომელიც წინ დგამს ნაბიჯებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აქაც მე ვხედავ მთლიანობას ჩვენი საზოგადოებისა ღირებულებების, მისწარფებების და მიზნების თვალსაზრისით.
2017 წელს ჩვენს წინაშე ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას და მე მინდა ვისაუბრო სწორედ არა განსხვავებებზე, არამედ იმ ერთიან ღირებულებებზე, რაც გვაერთიანებს.
ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაცია. ეს არის იმ კურსის გაგრძელება, რომელიც ქვეყანას დეოკუპაციისკენ მიიყვანს და რომელიც განამტკიცებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ეს არის დემოკრატიული პროცესის გაღრმავება.
დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა ვერთიანდებით ერთიან ღირებულებებში. ეს არის ერთდროულად ჩვენი საზოგადოების სიძლიერე და ის, რაც სერიოზულ გამოწვევებს გადაგვატანინებს.
დაბოლოს, დღეს, როდესაც ჩვენ შევხვდით იმისთვის, რომ შევაჯამოთ განვლილი წელი და ვისაუბროთ მომავალზე, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ დედაქალაქში, სადაც შეხვდებიან ერთმანეთს ადამიანები, ისინი იზიარებენ იმ ტკივილს, რაც დღეს ხდება სირიაში. იმ სირთულეებს და ტრაგედიას, რომელიც სირიაშია. ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით, ამ კეთილი ნებით, ამ ღირებულებების დაცვით, იმის აღიარებით, რომ ეს ტრაგედიაა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვავლენთ ღირებულებით კავშირს ჰუმანიზმთან. ღირებულებით მისწრაფებას იქეთკენ, რომ ომი, ტრაგედია და დაპირისპირება აღარ იყოს.
მინდოდა მოკლედ მიმომეხილა არა განსხვავებები, არამედ ერთიანობები.
დიდი მადლობა მობრძანებისთვის. იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა ერთამენთს კიდევ ვესაუბროთ მომავლის შესახებ.
მადლობა და გილოცავთ დამდეგ 2017 წელს!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ სასახლეში შეკრებილ სტუმრებს სიტყვით პრემიერმა მიმართა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებს საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
„ჩვენი ქვეყნის დასავლური, დემოკრატიული განვითარების ვექტორი უმნიშვნელოვანესია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის ყოფის გასაუმჯობესებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ამისთვის ჩვენს მოსახლეობას უწევს ბევრი სირთულის გადალახვა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ საახალწლო მიღებაზე.
მოწვეულმა სტუმრებმა პრეზიდენტის სასახლეში დაათვალიერეს გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა”, რომელიც ქართული ანბანის იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას უკავშირდება.
სასახლეში გამოფენილია ეროვნულ არქივში წარმოდგენილი ანალოგიური შინაარსის გამოფენის ნაწილი – ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშების – ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების ფოტოასლები, რომლებიც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები